ევროპარლამენტმა ციფრული ევროს გამოშვებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ციფრული ევროს გამოშვებას მხარი დაუჭირა

ფოტო: Maksim_Kabakou – stock.adobe.com

 

ევროპარლამენტის ეკონომიკურ და სავალუტო საკითხთა კომიტეტმა ციფრული ევროს გამოშვების შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა. ციფრული ვალუტა, სავარაუდოდ, 2029 წელს ჩაეშვება და ევროკავშირს აშშ-ის მიერ კონტროლირებულ საგადახდო სისტემებზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონაცემებით, ევროზონის ქვეყნებში საბარათე ტრანზაქციების დაახლოებით 61% და ტრანსსასაზღვრო ოპერაციების თითქმის სრული უმრავლესობა ამერიკულ საგადახდო გიგანტებზე — Visa-სა და Mastercard-ზე — მოდის. მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და უცხოურ საგადახდო ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების ფონზე კი, ევროპისთვის ფინანსური სუვერენიტეტის საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

ციფრული ევრო ევროპის სტრატეგიული ავტონომიის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ეს გულისხმობს ცენტრალური ბანკის ფულის ციფრულ ვერსიას, რომელიც თავად ECB-ის მიერ იქნება გამოშვებული და მხარდაჭერილი. ახალი ვალუტის მიზანი არა არსებული ნაღდი ფულისა თუ ტრადიციული საბანკო სერვისების ჩანაცვლება, არამედ უკვე არსებული მომსახურების გაუმჯობესებაა.

ევროპარლამენტის ეკონომიკურ და სავალუტო საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის თანახმად, მომხმარებლებს ციფრული ევროს შენახვა სპეციალურად შექმნილ საფულეებში შეეძლებათ, შენახვის ლიმიტის გათვალისწინებით, რომელიც ამ დროისთვის დადგენილი არ არის. სისტემა გამოყენებული იქნება როგორც ინტერნეტით, ისე ოფლაინ რეჟიმში გადახდებისას.

არსებული გეგმით, აზიური ინფრასტრუქტურის ნაცვლად, თავად ECB შეიმუშავებს შესაბამის ინფრასტრუქტურას, ხოლო ციფრული ევროს სერვისებს უშუალოდ კლიენტებს უკვე კომერციული ბანკები და საგადახდო პროვაიდერები შესთავაზებენ. სისტემის გამოყენებისას მაღალი დონის კონფიდენციალურობა იქნება დაცული, შესაბამისად, მათი საგადახდო მონაცემების მიხედვით ECB მომხმარებლების იდენტიფიცირებას ვერ შეძლებს.

კომიტეტის პოზიციას ევროპარლამენტი ოფიციალურად, სავარაუდოდ, უკვე ივლისის დასაწყისში, სტრასბურგში გამართულ პლენარულ კენჭისყრაზე წამოაყენებს. ამის შემდგომ EU-ს 27 წევრ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები დაიწყება, საბოლოო შეთანხმების მიღწევა კი წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.