ფოტო: ucs.org
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლებამ ორშაბათს ნავთობის ფასების 3%-ზე მეტით ზრდა გამოიწვია. სამხედრო დარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგოგადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებამაც იმატა.
შედეგად, სავაჭრო სესიაზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 3.25%-ით, ბარელზე $78.48-მდე, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 3.29%-ით, $73.76-მდე გაიზარდა. გემების მოძრაობის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, კვირას ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების მაჩვენელი ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. Kpler-ის მონაცემებით, სრუტე მხოლოდ ექვსმა ხომალდმა გაიარა.
UBS-ის ანალიტიკოსის, ჯოვანი სტაუნოვოს განცხადებით, ინვესტორთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სწორედ ჰორმუზის სრუტეში შემომავალი ტანკერების რაოდენობა რჩება. მისივე განმარტებით, ტანკერების დაბალმა რაოდენობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს წარმოებასა და მიწოდებაზე, რაც ნავთობის ფასებზეც დამატებით ზეწოლას შექმნის.
შაბათ-კვირას აშშ-სა და ირანს შორის ახალი სამხედრო დარტყმების გაცვლის შემდეგ კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე გამძაფრდა. ირანმა, რომელმაც სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე მიიტანა იერიში, ჰორმუზის სრუტის ხელახლა დაკეტვის შესახებაც განაცხადა. ირანის რევოლუციური გვარდიის ინფორმაციით, შეტევები ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზებზეც განხორციელდა.
შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს, კონფლიქტის დაწყებამდე, ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიო ყოველდღიური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით 20% ხორციელდებოდა.
ესკალირებული თავდასხმები ეჭვქვეშ აყენებს გასულ თვეში აშშ-ირანს შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელებას, რომელიც მიზნად სრუტის ხელახლა გახსნასა და დამატებით 60-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ომის დასრულების შესაძლებლობას ისახავდა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამის განცხადებით, მიუხედავად ირანის პოზიციისა, ჰორმუზის სრუტე კომერციული გადაზიდვებისთვის კვლავ ღიაა. ხოლო საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში ნავთობსადენების გამტარუნარიანობის გაფართოება მომავალში ჰორმუზის სრუტეზე დამოკიდებულებასაც მნიშვნელოვნად შეამცირებს. ბანკის პროგნოზით, 2028 წლის ბოლოსთვის რეგიონი ნავთობის ექსპორტის ომამდელი მოცულობის 60%-ზე მეტის ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ტრანსპორტირებას შეძლებს.















