გერმანია უკრაინისთვის 50,000 დამრტყმელი დრონის შესყიდვას დააფინანსებს | Reuters

გერმანია უკრაინისთვის 50,000 დამრტყმელი დრონის შესყიდვას დააფინანსებს | Reuters

ფოტო: REUTERS/Stringer

გერმანია უკრაინისთვის 50,000 დამრტყმელ დრონს დააფინანსებს, რაც ომში მყოფი ქვეყნისთვის დასავლური სახელმწიფოს მთავრობის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი შესყიდვა იქნება. ამის შესახებ Reuters-ი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

რუსეთთან ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომში უკრაინა დიდწილად სწორედ უპილოტო საფრენი აპარატების ფართო სპექტრზეა დამოკიდებული. ქვეყანა ყოველწლიურად მილიონობით დრონს ადგილობრივად აწარმოებს და ათასობით დრონით რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურ რეჟიმში იერიშებსაც ახორციელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ახალი შეკვეთა უკრაინული მწარმოებლის, SkyFall-ის მიერ შექმნილ Shrike-ის ტიპის FPV (პირველი პირის ხედვის) დამრტყმელ დრონებს მოიცავს. აღნიშნული დრონები აღჭურვილია ამერიკული თავდაცვითი ტექნოლოგიური კომპანია Auterion-ის პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც მათ ფრენის ბოლო ფაზაში მოძრავი სამიზნის ავტომატურად აღმოჩენისა და განადგურების შესაძლებლობას აძლევს.

Auterion-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლორენც მაიერის განცხადებით, კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონ ევროს აღწევს და მას ევროპული ქვეყანა აფინანსებს. მისივე ინფორმაციით, დრონების ნაწილი უკრაინის მთავრობას უკვე გადაეცა, ხოლო დარჩენილ ნაწილს ქვეყანა მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღებს.

ცნობისთვის, შეთანხმებაში გერმანიის მონაწილეობა SkyFall-მაც დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ შესყიდვის დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. დეტალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს გერმანიისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებმაც.

დაბალბიუჯეტიანი Shrike-ი უკრაინაში 2023 წლიდან გამოიყენება. მისმა მოდიფიცირებულმა ვერსიამ, Shrike 10-F-მა, რომელსაც SkyFall-ი ბრიტანულ კომპანია Skycutter-თან თანამშრომლობით აწარმოებს, პენტაგონის მიერ ჩატარებული კონკურსის პირველ ეტაპზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. აღნიშნული კონკურსი $1.1-მილიარდიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც ასიათასობით ერთჯერადი დამრტყმელი დრონის შესყიდვას ითვალისწინებს.