ფოტო: PTI
კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონებისთვის ევროკავშირი სამხრეთ ამერიკის ქვეყანას €2.1 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, თანხა დაზარალებული მოსახლეობისთვის სამედიცინო საშუალებების, წყლის, სანიტარული და ჰიგიენური მასალების, თავშესაფრის, საკვების, დაცვისა და ფულადი დახმარების უზრუნველყოფას მოხმარდება.
ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კოლუმბიამ ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმი აამოქმედა. ეს უკანასკნელი ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნიდან რესურსების მობილიზაციისა და სტიქიური უბედურებებით დაზარალებული ქვეყნისთვის ეფექტიანად მიწოდებისთვისაა შექმნილი.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა, სულ მცირე, 216 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. ძლიერ დაზარალებულ ქალაქებს შორისაა: კალი, პერეირა, მანისალესი და კიბდო. ნანგრევებში მოყოლილი მცხოვრებლების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილზე უკვე მუშაობს ჰუმანიტარულ საკითხებში ევროკავშირის პარტნიორი, გერმანიის წითელი ჯვარი. ორგანიზაციამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტიდან €100,000 ჩოკოსა და ვალე-დელ-კაუკის რეგიონებში მიწისძვრით დაზარალებული 2,500 ოჯახის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გადაანაწილა.













