ფოტო: digitalexporter.com.tr
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაცია მსხვილ ეკონომიკებს, უმეტესად კი ჩინეთს, აშშ-ში ტვირთის შესატანად მესამე ქვეყნების გამოყენებაში ადანაშაულებს. თეთრი სახლის მტკიცებით, აღნიშნულ პრაქტიკაში 40-ზე მეტი მესამე ქვეყანაა ჩართული, მათ შორისაა საქართველოც.
თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისის (OTMP) მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ საუბარია ჩინეთის მიერ შექმნილ „ჩრდილოვანი გადაზიდვის ქსელზე“, რომელსაც პეკინი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლით ქვეყანაში საკუთარი ტვირთის შესატანად იყენებს. შედეგად, ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი ყოველწლიურად $19-26 მილიარდის ტარიფებიდან მისაღებ შემოსავალს კარგავს.
ტრანზიტული გადაზიდვა საქონლის რეალური წარმოშობის დასამალად, მისი მესამე, შუალედური ქვეყნის გავლით გადატანას გულისხმობს. თეთრი სახლის ანგარიშის მიხედვით, მსგავსი პრაქტიკა განსაკუთრებით 2018 წელს, დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას, ჩინურ საქონელზე ფართომასშტაბიანი ტარიფების დაწესების შემდეგ გახშირდა.
თეთრი სახლის შეფასებით, ტარიფების გვერდის ავლით, მესამე ქვეყნის ტერიტორიების გავლით, აშშ-ში ყოველწლიურად $34.2 მილიარდიდან $303 მილიარდამდე ღირებულების საქონელი შედის.
ანგარიშში, ჩინეთის „ჩრდილოვანი გადაზიდვის ქსელს“ თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისი განმარტავს, როგორც საწარმოო ჰაბების, ლოგისტიკური პლატფორმების, თავისუფალი ეკონომიკური ზონების, საბაჟო საწყობების, გადამმუშავებელი დერეფნებისა და რეექსპორტის ცენტრების სისტემას, რომლის საშუალებითაც ჩინური საქონელი აშშ-ის ბაზარზე სხვა ქვეყნის წარმოშობის პროდუქციის სახით ხვდება.
OTMP-ის ანგარიში დასახელებულ 40 მესამე ქვეყანას, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, სატრანზიტო თაღლითობაში არიან ჩართულნი, სამ კატეგორიად ჰყოფს, ესენია: მსხვილი ეკონომიკები და დივერსიფიცირებული ბაზრები; ჩინეთთან მჭიდროდ ინტეგრირებული ქვეყნები; მცირე, ოპორტუნისტული სამიზნე ქვეყნები. სწორედ ამ უკანასკნელშია დასახელებული საქართველო.
თეთრი სახლის ანგარიშში მესამე კატეგორიის, მცირე, ოპორტუნისტული სამიზნე ქვეყნები განმარტებულია, როგორც უფრო მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რომლებსაც შედარებით მცირე მოცულობებით გადაზიდვის საშუალება აქვთ, თუმცა ჩინეთისთვის ხელსაყრელი უპირატესობები გააჩნიათ, მათ შორისაა: იაფი მუშახელი, თავისუფალი სავაჭრო ზონები, პორტებსა და საზღვრებზე წვდომა, საბაჟო საწყობები, აშშ-ის ბაზარზე პრეფერენციული წვდომა ან სუსტი კონტროლის მექანიზმები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს შანსი, ეს ქვეყნები ჩინეთთან დაკავშირებული ტვირთის გადამისამართებისთვის მიმზიდველ, დროებით სამიზნეებად იქცნენ.
გარდა ამისა, OTMP-ის ანგარიშში წერია, რომ „აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების გავლით ტრანზიტს, ტვირთების კონსოლიდაციასა და სახმელეთო-საზღვაო გადაზიდვებს შორის დამაკავშირებელ მარშრუტებს წარმოადგენენ“. აღნიშნულთან მიმართებით, საქართველო, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად, ანგარიშში „სარტყლისა და გზის“ სახმელეთო კვანძების მაგალითად სახელდება.
ცნობისთვის, მესამე კატეგორიის სახელმწიფოებს შორის, საქართველოსთან ერთად დასახელებულნი არიან: არგენტინა, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, კამბოჯა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, დომინიკელთა რესპუბლიკა, იორდანია, ყაზახეთი, კენია, ლაოსი, მაროკო, მიანმარი, ომანი, პანამა, პერუ, ფილიპინები, სინგაპური, შრი-ლანკა, შვეიცარია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი.
რაც შეეხება თეთრი სახლის მიერ პირველ და მეორე კატეგორიებად დაყოფილ მესამე სახელმწიფოებს:
პირველ კატეგორიაში – დიდი და დივერსიფიცირებული ბაზრები – ტრამპის ადმინისტრაცია კანადას, ევროკავშირს, ინდოეთს, ისრაელს, იაპონიას, მექსიკას, სამხრეთ კორეასა და ტაივანს ასახელებს. ანგარიშის თანახმად, ამ ქვეყნებში დიდი მოცულობით ჩინური საქონელი შედის, რომელიც ლეგიტიმურ სავაჭრო ნაკადებშია შერეული და უკანონო ტრანზიტის იდენტიფიცირებას ართულებს.
მეორე კატეგორიაში — ჩინეთთან ეკონომიკურად მჭიდროდ ინტეგრირებულ ქვეყნებში — დასახელებულნი არიან ბრაზილია, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, თურქეთი და ვიეტნამი. OTMP-ის თანახმად, ამ ქვეყნების მსხვილი საწარმოო, საპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის მნიშვნელოვანი მოცულობების სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ის ბაზრისთვის, გადამისამართებას ამარტივებს.














