ფოტო: REUTERS/Dado Ruvic/Illustration
მედიასააგენტო Reuters-ი წერს, რომ კრიპტოვალუტის უმსხვილესმა ბირჟამ, Binance-მა, რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის მხარდამჭერ ფონდებში განხორციელებულ კრიპტოგადარიცხვებზე ინფორმაცია მიაწოდა. გამოცემის ცნობით, რუსი მომხმარებლის მონაცემები მოგვიანებით მის წინააღმდეგ ტერორიზმის დაფინანსების ბრალდების საქმეში მტკიცებულებად გამოიყენეს.
საქმე ეხება 49 წლის რუს IT-სპეციალისტს, იური ბელენკის, რომელსაც რუსეთის პასპორტი და ბულგარეთში ბინადრობის უფლება აქვს. ბელენკი 2025 წლის სექტემბერში დააკავეს და ამჟამად, სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში, რუსეთის ციხეში იმყოფება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ბელენკიმ 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტამდე პერიოდში უკრაინის სამხედრო ძალებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს კრიპტოვალუტით $700-ზე მეტი გადაურიცხა. მათ შორის იყო სხვადასხვა პერიოდში Azov Brigade-ისა და Azov Regiment-ის სახელით ცნობილი ჯგუფი, რომელსაც რუსეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, Binance-ს ბელენკის ტრანზაქციების ისტორიის მიწოდების მოთხოვნით რუსეთის საგამოძიებო უწყებებმა მიმართეს. შემდგომ კი, კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მტკიცებულებად გამოიყენეს. საქმის წინასწარ აღწერაში ეს კრიპტოგადარიცხვები ტერორიზმის დაფინანსების ბრალდების ერთ-ერთ მტკიცებულებადაა მითითებული.
საქმეში ფიგურირებს არკადი ბაბჩენკოც, რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და უკრაინის მხარდამჭერია. Reuters-ის ცნობით, ბაბჩენკომ იმ პერიოდში Telegram-ზე რამდენიმე პოსტის საშუალებით კრიპტოვალუტის საფულეების მისამართებიც გამოაქვეყნა. მისივე თქმით, მიღებული თანხები უკრაინელი სამხედროებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდებოდა.
ცნობისთვის, Binance-მა რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და დასავლეთის მიერ მოსკოვზე სანქციების დაწესების შემდეგ მიიღო. 2023 წლის სექტემბერში კი კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ოპერირება მის სტრატეგიას არ შეესაბამებოდა, რის გამოც რუსული ბიზნესი გაყიდა და ქვეყნის ბაზარი სრულად დატოვა.
როგორც სამართლებრივი საკითხების სპეციალისტმა მაიკ ბისტროვმა Reuters-ს განუცხადა, ამ გარემოებების გათვალისწინებით, Binance-ს რუსეთის ხელისუფლებისთვის ბელენკის მონაცემების გადაცემის ვალდებულება შესაძლოა არც კი ჰქონოდა.
ბისტროვის შეფასებითვე, თუ ბელენკი Binance-ში ევროკავშირის რეზიდენტად იყო რეგისტრირებული, მისი მონაცემები ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (GDPR) უნდა ყოფილიყო დაცული. ასეთ შემთხვევაში მონაცემების გადაცემა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებისა და მკაცრი სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე დაუშვებელი იქნებოდა.














