ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით მიყენებული ზიანის საქმეზე Meta $16.68 მილიარდის გადახდას დათანხმდა

ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით მიყენებული ზიანის საქმეზე Meta $16.68 მილიარდის გადახდას დათანხმდა

ფოტო: torment-nexus.mathewingram.com

 

Meta-მ აშშ-ის 29 შტატთან მიმდინარე სასამართლო დავაზე საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. კერძოდ,  ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით მიყენებული ზიანის საქმეზე მარკ ცუკერბერგის კომპანია შტატებისთვის $16.68 მილიარდის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.

სასამართლოში წარდგენილი სარჩელი Meta-ს მხრიდან, ბავშვებში სოციალური მედიისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მიუთითებდა. მომჩივანი მხარის მტკიცებით, პლატფორმების ალგორითმები მომხმარებლების მაქსიმალური ჩართულობის შესანარჩუნებლადაა შექმნილი. გარდა ამისა, Meta-ს ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარის ინფორმირებასაც ედავებიან.

შეთანხმების პირობებით, Meta-მ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, თავის სოციალურ პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე მოზარდებისთვის აპლიკაციების გამოყენების წესებიც უნდა შეცვალოს. მათ შორის, მოზარდებისთვის Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენება დღეში ორ საათამდე შეზღუდოს, ხოლო 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მათთვის პლატფორმებზე წვდომა სრულად დაბლოკოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშობლისგან ნებართვა ექნება.

დამატებით, Meta 08:00-დან 15:00 საათამდე, მოზარდების სკოლაში ყოფნის პერიოდში, შეტყობინებების უმეტესობის გათიშვას განიხილავს. ასევე გაძლიერდება ზომები, რათა ბავშვებს მათ ასაკთან შეუსაბამო კონტენტზე წვდომა არ ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ ამ თვეში, ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Meta-ს, ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირების გამო, დამატებით $567 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საერთო ჯამში, უახლესი შეთანხმების გამოკლებით, საქმეზე Meta-ს წინააღმდეგ დაკისრებული ჯარიმების საერთო მოცულობამ $942 მილიონს მიაღწია.