მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები აშშ-ის მიღმა

მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები აშშ-ის მიღმა

ფოტო: key2law.com

 

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ნაწილი ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს. მათი საქმიანობის სფეროები კი განსხვავებულია და ენერგეტიკას, საბანკო სექტორს, მშენებლობას, საცალო ვაჭრობასა და ავტომობილების წარმოებას მოიცავს.

Fortune Global 500-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ მსოფლიოს 30 უმსხვილესი კომპანიის სიას, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ საქმიანობენ. რეიტინგში კომპანიების შემოსავლები მოიცას ფისკალურ წელს, რომელიც 2026 წლის 31 მარტს, ზოგ შემთხვევაში კი მანამდე დასრულდა.

რეიტინგში პირველ ადგილს ჩინური State Grid-ი იკავებს, რომლის წლიურმა შემოსავალმა $555 მილიარდი შეადგინა. მას საუდის არაბეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco მოსდევს $446 მილიარდის შემოსავლით, ხოლო მესამე ადგილზე კვლავ ჩინური China National Petroleum-ია, რომლის შემოსავალმაც $402 მილიარდს მიაღწია.

ჩინური კომპანიების პოზიციების გაძლიერება განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუ მიმდინარე სურათს საუკუნის დასაწყისს შევადარებთ. 2000 წელს შემოსავლების მიხედვით მსოფლიოს 10 უმსხვილეს კომპანიას შორის არცერთი ჩინური ფირმა არ იყო. დღეს კი State Grid-ი მსოფლიო მასშტაბით შემოსავლების მიხედვით მესამე უმსხვილესი კომპანიაა და მხოლოდ Amazon-სა და Walmart-ს ჩამორჩება.

ჩინური კომპანიები რეიტინგში განსაკუთრებით ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით არიან წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები დომინირებენ. გამონაკლისებს შორის არიან კერძო სექტორის წარმომადგენლები – ელექტრონული კომერციის კომპანიები: JD.com-ი და Alibaba, რომელთა წლიურმა შემოსავალმა, შესაბამისად, $182 მილიარდი და $144 მილიარდი შეადგინა.

რეიტინგის ზედა ნაწილში ენერგეტიკული კომპანიები ჭარბობენ. როგორც აღვნიშნეთ, Saudi Aramco, რომელიც საუდის არაბეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის კომპანიაა, $446 მილიარდის წლიური შემოსავლით აშშ-ის ფარგლებს გარეთ მოქმედ კომპანიებს შორის მეორე ადგილს იკავებს. კომპანია მსოფლიოში ნავთობის უდიდეს საბადოებს ფლობს და ტექნოლოგიური სექტორის მიღმა ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან ბიზნესად რჩება.

რეიტინგის მაღალ პოზიციებზე არიან ევროპული ენერგოგიგანტებიც. ბრიტანული Shell-ი $274 მილიარდის შემოსავლით მერვე ადგილზეა, BP $193 მილიარდით მე-14 პოზიციას იკავებს, ხოლო ფრანგული TotalEnergies-ი $182 მილიარდის შემოსავლით მე-17 ადგილზეა. ეს კომპანიები მე-20 საუკუნის განმავლობაში გლობალურ ნავთობის ინდუსტრიაში დომინირებდნენ, თუმცა ბოლო ათწლეულებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგოკომპანიების როლი გაიზარდა და მათი პოზიციები შემცირდა.

რეიტინგში ჩინური კომპანიების წარმომადგენლობა ენერგეტიკასთან ერთად მშენებლობას, საცალო ვაჭრობას, საბანკო და სადაზღვევო სექტორებს მოიცავს. თუმცა ავტომობილების ინდუსტრიაში სურათი განსხვავებულია.

ჩინური ავტომწარმოებლების, მათ შორის BYD-ისა და Great Wall Motor-ის, სწრაფი ზრდის მიუხედავად, შემოსავლების მოცულობით ისინი ჯერ კიდევ ჩამორჩებიან ევროპულ და იაპონურ კონკურენტებს. Volkswagen-ი $363 მილიარდის შემოსავლით რეიტინგში მეხუთეა, Toyota Motor-ი კი $336 მილიარდით მეექვსე ადგილზეა. გერმანული BMW-ის წლიურმა შემოსავალმა $151 მილიარდი შეადგინა, რითაც 24-ე ადგილს იკავებს.

თუმცა ელექტრომობილების ბაზრის გაფართოებასთან ერთად, ჩინური მწარმოებლების დაბალი დანახარჯები და საფასო უპირატესობა ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის, მათ შორის Volkswagen-ისთვის, მნიშვნელოვან კონკურენტულ წნეხს ქმნის.

#კომპანიაქვეყანაწლიური შემოსავალი
1State Gridჩინეთი$555 მლრდ
2Saudi Aramcoსაუდის არაბეთი$446 მლრდ
3China National Petroleumჩინეთი$402 მლრდ
4Sinopec Groupჩინეთი$364 მლრდ
5Volkswagenგერმანია$363 მლრდ
6Toyota Motorიაპონია$336 მლრდ
7China State Construction Engineeringჩინეთი$290 მლრდ
8Shellდიდი ბრიტანეთი$274 მლრდ
9Hon Hai Precision Industryტაივანი$260 მლრდ
10Glencoreშვეიცარია$248 მლრდ
11Trafiguraსინგაპური$240 მლრდ
12Samsung Electronicsსამხრეთი კორეა$235 მლრდ
13Industrial & Commercial Bank of Chinaჩინეთი$211 მლრდ
14BPდიდი ბრიტანეთი$193 მლრდ
15Agricultural Bank of Chinaჩინეთი$191 მლრდ
16China Construction Bankჩინეთი$189 მლრდ
17TotalEnergiesსაფრანგეთი$182 მლრდ
18JD.comჩინეთი$182 მლრდ
19China Life Insuranceჩინეთი$178 მლრდ
20Stellantisნიდერლანდები$173 მლრდ
21Bank of Chinaჩინეთი$172 მლრდ
22Ping An Insuranceჩინეთი$159 მლრდ
23China Railway Engineering Groupჩინეთი$152 მლრდ
24BMWგერმანია$151 მლრდ
25Mercedes-Benzგერმანია$149 მლრდ
26China Mobile Communicationsჩინეთი$147 მლრდ
27Banco Santanderესპანეთი$145 მლრდ
28Honda Motorიაპონია$145 მლრდ
29Alibabaჩინეთი$144 მლრდ
30China Railway Constructionჩინეთი$144 მლრდ