ფოტო: GettyImages
ილონ მასკის მიერ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად შექმნილმა პოლიტიკურმა სამოქმედო კომიტეტმა (America PAC) მხოლოდ ამ წელს, რესპუბლიკელთა მხარდასაჭერად $8.3 მილიონზე მეტი დახარჯა. ამ თანხიდან $6 მილიონზე მეტი აშშ-ის ექვს ყველაზე კონკურენტულ სენატორულ რბოლაზე გადანაწილდა.
საარჩევნო კომისიაში (FEC) წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, სექტემბრის მონაცემებით, America PAC-ს ციფრულ რეკლამებზე, საფოსტო გზავნილებზე, ტექსტურ შეტყობინებებსა და სატელეფონო კამპანიებზე $8.3 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის PAC-მა შუალედური არჩევნებისთვის თანხების აქტიურად ხარჯვა მაშინ დაიწყო, როცა რესპუბლიკელთა კანდიდატების უმეტესობის პრაიმერი უკვე დასრულებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა ორგანიზაციას წელს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საკვანძო შტატებში მიმდინარე არჩევნებისთვის $120 მილიონამდე დახარჯვის უფლება მისცა.
აშშ-ის შუალედური არჩევნების დაფინანსების ფარგლებში, America PAC-მა ყველაზე დიდი შემოწირულება ტეხასის სენატის არჩევნებისთვის გაიღო. ტეხასში რესპუბლიკელთა კანდიდატი გენერალური პროკურორი კენ პაქსტონია, რომელიც დემოკრატ ჯეიმს ტალარიკოს უპირისპირდება.
მეორე ადგილზეა ოჰაიოს სენატის არჩევნები, სადაც America PAC-მა $1.7 მილიონი დახარჯა. ხოლო მიჩიგში არჩევნებისთვის America PAC-მა $1.5 მილიონი გამოყო.
შედარებისთვის, დონალდ ტრამპთან დაკავშირებულმა MAGA Inc.-ის PAC-მა მხოლოდ ტეხასის არჩევნებზე სატელევიზიო და ციფრული რეკლამებისთვის $10 მილიონზე მეტი დახარჯა. FEC-ის მიერ 5 სექტემბერს წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ეს მიმდინარე წელს ჯგუფის მიერ რომელიმე კონკრეტული შტატის არჩევნებში დახარჯული ყველაზე დიდი თანხაა.















