ფოტო: unmannedfrontier.media
აშშ-ის არმიამ უკრაინული ფირმა Skyeton-ის ამერიკულ ფილიალთან, Skyeton Inc.-თან, $10.6 მილიონის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. გარიგება აშშ-ის არმიისთვის უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის, Raybird-ის შესყიდვას გულისხმობს, რომლის გამოცდისა და ეფექტიანობის განმტკიცებისთვისაც Skyeton-ს წლები დასჭირდა.
ალაბამაში განლაგებულმა აშშ-ის არმიის კონტრაქტების სამმართველომ ფიქსირებული ღირებულების მქონე ეს კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც ონლაინტენდერის ფარგლებში მხოლოდ ერთი განაცხადი მიიღო, ისიც Skyeton-ისგან. ხელშეკრულება არ განსაზღვრავს მიწოდების ადგილს ან წინასწარ დაფინანსებას, ეს დეტალები კონკრეტული შეკვეთების გაფორმებისას დაზუსტდება, ხოლო სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღად 2026 წლის 15 დეკემბერია განსაზღვრული.
Raybird მცირე ზომის, ფიქსირებული ფრთის მქონე სადაზვერვო დრონია, რომელიც შექმნილია ხანგრძლივი მისიებისთვის და არა მაღალი სიჩქარის ან საბრძოლო მისიების უზრუნველსაყოფად. მას შეუძლია ჰაერში უწყვეტად თითქმის 28 საათი დაჰყოს და დაჯდომის გარეშე 2,500 კმ-ზე მეტი მანძილი დაფაროს. აპარატის ფრენის სიმაღლე 5,500 მეტრია. დრონს შესაძლებლობა აქვს თან იქონიოს 5-დან 10 კილოგრამამდე წონის სენსორული აღჭურვილობა. საფრენი აპარატის კონსტრუქცია გათვლილია -35°C-დან +55°C-მდე ტემპერატურულ დიაპაზონში სამუშაოდ, რაც მოიცავს მეტეოროლოგიურ პირობებს არქტიკის სარტყელიდან უდაბნომდე.
Skyeton-ი უკრაინაში 2006 წელს დაარსდა. თავდაპირველად კომპანია მსუბუქ სპორტულ თვითმფრინავებს აწარმოებდა, მოგვიანებით კი უპილოტო სისტემების განვითარება დაიწყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, Raybird-მა უკრაინული ძალებისთვის 350 000-ზე მეტი საბრძოლო საათი შეასრულა. კომპანია ამ მაჩვენებელს დრონის დაბალი დანაკარგებისა და ელექტრონულად ჩახშობის მიმართ მდგრადობის მტკიცებულებად იყენებს.
აშშ-ის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტით, აშშ უერთდება იმ ქვეყნების მზარდ სიას, რომლებიც უკრაინული კომპანიით ინტერესდებიან. Skyeton-მა ბრიტანულ ფირმა Prevail Partners-თან ერთად ერთობლივი საწარმო, Skyeton Prevail Solutions-ი შექმნა, რათა Raybird-ი ნატოს ბაზრებისთვის აწარმოოს და მონაწილეობა მიიღოს ტენდერში ბრიტანეთის არმიის მოძველებული Watchkeeper-ის ტიპის დრონების ჩასანაცვლებლად.
















