ფოტო: Simon Wohlfahrt/AFP/Getty Images
რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის სცენარისთვის, NATO სწრაფი გამარჯვებისთვის ახალ სტრატეგიას ამზადებს. სტრატეგიის ძირითადი მიმართულება დრონებისა და AI-ის ტრადიციულ სამხედრო შესაძლებლობებთან გაერთიანებას გულისხმობს. ამის შესახებ Bloomberg-ი დოკუმენტზე, სახელწოდებით „გამარჯვების თეორია“, წერს.
დოკუმენტი, რომელიც Bloomberg-მა ნახა, ევროპაში NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ალექსუს გრინკევიჩის მიერ 12 ოქტომბერს პოლონეთში იქნება წარმოდგენილი. გეგმის მიზანია განისაზღვროს, როგორ იმოქმედებს ალიანსი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შეიჭრება.
NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ალიანსზე კონვენციური სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება. თუმცა, მისივე თქმით, ევროპა რუსეთის მხრიდან ხანგრძლივი ჰიბრიდული თავდასხმებისთვისაც მზად უნდა იყოს.
გრინკევიჩის სპიკერმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა, გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა დაადასტურა, რომ სამხედრო ალიანსის სტრატეგია „სრულად თავდაცვითია“. „ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლის გამარჯვების თეორია მარტივია: NATO-ს უპირატესობის შენარჩუნება“, — განაცხადა ო’დონელმა.
დოკუმენტში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება NATO-ს ტრადიციული შეიარაღების იმ ახალ ტექნოლოგიებთან გაერთიანება, რომლებიც, განსაკუთრებით 2022 წლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან განვითარდა. გეგმის მიხედვით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს შედარებით დაბალფასიანი დრონები ითამაშებს. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სამიზნეების განსაზღვრას.
სტრატეგიის თანახმად, პირველ ეტაპზე ალიანსი სახმელეთო ძალებისა და სხვა სამხედრო საშუალებების გამოყენებით მოწინააღმდეგეების შეჭრას შეაჩერებს. შემდეგ კი, თუ NATO მოქმედების თავისუფლებას მოიპოვებს, ალიანსის მიზანი უკვე მათი სამეთაურო და საკომუნიკაციო სისტემების განადგურება და რუსული ძალების სწრაფად დამარცხება იქნება.
NATO-ს გათვლებით, ალიანსის მზადყოფნა და სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება მოწინააღმდეგეს დაანახებს, რომ ალიანსის დამარცხება შეუძლებელია. ეს კი აგრესიის შეკავების ერთ-ერთი გზაა.















