სუს-მა ურანის $700,000-ად გაყიდვის მცდელობისას ერთი ადამიანი დააკავა

სუს-მა ურანის $700,000-ად გაყიდვის მცდელობისას ერთი ადამიანი დააკავა

ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების „კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს“.

სუს-ის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე $700 000-ად გეგმავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, „ურან-238“ ურანის ყველაზე გავრცელებული იზოტოპია. მიუხედავად იმისა, რომ ის რადიოაქტიურია, ჩვეულებრივ პირობებში მისი გამოყენება მხოლოდ ამ ნივთიერების მეშვეობით ბირთვული ბომბის შესაქმნელად შეუძლებელია.

ბირთვული მასალების უსაფრთხოება 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე სერიოზული ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობას უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, თებერვალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ორი პირი დააკავა, რომლებიც ცდილობდნენ, შეეძინათ $3 მილიონის ღირებულების ურანი და რადიოაქტიური იზოტოპი, რომელიც ბირთვული იარაღის გამოცდის პროგრამებში გამოიყენება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.