ტრამპის თქმით, აშშ ირანს ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე არ დაარტყამს

ტრამპის თქმით, აშშ ირანს ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე არ დაარტყამს

ფოტო: AP /Jose Luis Magana

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანზე თავდასხმას ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებამდე არ განახორციელებს. მან აღნიშნა, რომ ექვსთვიანი ომის დასრულების თაობაზე ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენ ნაყოფიერ დისკუსიებს ვაწარმოებთ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ჩვენ არ დავესხმებით თავს ირანს 3 ნოემბერს აშშ-ში გასამართ შუალედურ არჩევნებამდე,“ – დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.

ომმა, რომელიც თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებით დაიწყო, ხელი შეუწყო ტრამპისადმი ადგილობრივი მხარდაჭერის რეიტინგის ვარდნას და მძიმე ტვირთად აწევს მის თანაპარტიელ რესპუბლიკელებს, რომლებიც ნოემბრის არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში მცირე უპირატესობით მოპოვებული უმრავლესობის შენარჩუნებას ცდილობენ.

Reuters/Ipsos-ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა დაახლოებით 60%, მათ შორის ყოველი მეოთხე რესპუბლიკელი, მხარს არ უჭერს იმას, თუ როგორ მართავს ტრამპი ირანთან დაკავშირებულ სიტუაციას. კონფლიქტმა მკვეთრად გაზარდა საწვავის ფასები იმ პერიოდში, როდესაც ამომრჩევლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი საზრუნავი ცხოვრების გაძვირებაა. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ნავთობზე ფასების კლებას ელის.

შეგახსენებთ, რომ ირანის სახელმწიფო მედიამ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და ურანის მარაგს აშშ-ს არ გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა Reuters-ს უთხრა, რომ ირანმა ურანის გამდიდრების შესაძლებლობები არსებითად უნდა შეამციროს.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.