ლიონელ მესი იმ ოთხი სპორტსმენიდან ერთ-ერთია, ვინც სამმძიმიანთა კლუბს მაშინ შეუერთდა, როცა თავის სახეობაში ჯერ კიდევ აქტიურად მონაწილეობდა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსით, ლიონელ მესიმ საბოლოოდ დაუბრუნა არგენტინის საერთაშორისო საფეხბურთო დიდება და ხელახლა გააღვივა სპორტის GOAT-ის დებატები. თუმცა ამ გამარჯვებამ კიდევ ერთი აქტუალური კითხვა გააჩინა: სად ითამაშებდა სუპერვარსკვლავი თავდამსხმელი თავის კლუბურ თამაშებს.
მომდევნო წელს, Paris SaintGermain-თან მისი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მესის შესაძლებლობა მიეცა, გაჰყოლოდა თავის GOAT–მეტოქეს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს, საუდის არაბეთის პრო ლიგაში და ესარგებლა შეთავაზებით, რომელიც მას, ჭორების მიხედვით, წელიწადში $400 მილიონს მოუტანდა. ამის ნაცვლად, ის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, რათა ეთამაშა Inter Miami-ში, MajorLeague Soccer-ის საფეხბურთო გუნდში, რომლის ნაწილობრივი მფლობელიც დევიდ ბექჰემია.
მესიმ ამით გარკვეული თანხა დაკარგა, მაგრამ ამ სეზონში მოედანზე დაახლოებით $70 მილიონს მაინც გამოიმუშავებს – სპონსორობითა და სხვა ბიზნესსაქმიანობით მიღებულ $70 მილიონ დოლართან ერთად. Forbes-ის შეფასებით, 39 წლის მესი მილიარდერია, რომლის წმინდა ქონებაც $1.1 მილიარდს შეადგენს, ძირითადად, კარიერის განმავლობაში დაგროვილი ნაღდი ფულითა და მისი ნამატით, პლუს პენსიაზე გასვლის შემდეგ Inter Miami-ს აქციების შეძენის ოფციის ღირებულებით.
მესი იმ ოთხი სპორტსმენიდან ერთ-ერთია, ვინც ამ სამმძიმიან კლუბს შეუერთდა, სანამ სპორტში აქტიური იყო, ლებრონ ჯეიმსთან, ტაიგერ ვუდსთან და, დიახ, რონალდუსთან ერთად, რომლის ქონებაც Forbes-მა $1.2 მილიარდად შეაფასა.
22-წლიანი კარიერის განმავლობაში მესიმ სათამაშო კონტრაქტებიდან, გადასახადებისა და აგენტების საფასურის გადახდამდე, დაახლოებით $1.2 მილიარდი გამოიმუშავა, რასაც მოედანზე მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა (რა თქმა უნდა, რონალდუმ) გადააჭარბა. თუ გავითვალისწინებთ სარეკლამო კონტრაქტებსა და სუვენირებს, მისი მთლიანი შემოსავალი $1.8 მილიარდს აჭარბებს. აგენტისა და ბიზნესმენეჯერის როლში მამამისის, ხორხეს, დახმარებით, თავმდაბალ მესის სპონსორობას ათზე მეტი ბრენდი უწევს, მათ შორის Adidas-ი, Mastercard-ი და Michelob Ultra, და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად იძლევა ინტერვიუებს.
ოთხი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთის ექსპერტები ფიქრობდნენ, ჩამოკიდებდა თუ არა დაბერებული სუპერვარსკვლავი ბუცებს 2026 წლის ტურნირამდე, მაგრამ მესის ამ ზაფხულს გამოსვლამ კიდევ ერთხელ გააჩუმა მისი კრიტიკოსები.
“როგორც კი დავინახავ, რომ სათანადო ფორმაში არ ვარ, მოედანზე ვერ ვთამაშობ და სიამოვნებას ვერ ვიღებ, დასრულების დრო მოვა, – თქვა მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის წინ. – მაგრამ ახლა ვტკბები, თავსაც კარგად ვგრძნობ და ამიტომ ყველაფერი ისეა, როგორც არის“.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი















