საქართველოში უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია.
სადაზღვევო პრემია ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების და სადაზღვევო პერიოდის მიხედვით შეადგენს:
- მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია: 15 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი;
- მსუბუქი ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება: 15 დღე – 30 ლარი, 30 დღე – 50 ლარი, 90 დღე – 90 ლარი, 1 წელი – 295 ლარი;
- ავტობუსი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება: 15 დღე – 45 ლარი, 30 დღე – 75 ლარი, 90 დღე – 140 ლარი, 1 წელი – 480 ლარი;
- სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს: 15 დღე– 60 ლარი, 30 დღე – 100 ლარი, 90 დღე – 170 ლარი, 1 წელი – 610 ლარი;
- მისაბმელი:15 დღე – 14 ლარი, 30 დღე – 25 ლარი, 90 დღე – 40 ლარი, 1 წელი – 145 ლარი;
- სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა: 15 დღე – 25 ლარი; 30 დღე – 45 ლარი; 90 დღე – 70 ლარი; 1 წელი – 250 ლარი.
სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის და სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანზე შეადგენს 30,000 ლარს, ხოლო სადაზღვევო ანაზღურების ჯამური ლიმიტი თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე შეადგენს 300, 000 ლარს.
ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურებისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 15,000 ლარი იქნება, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა კი 30,000 ლარი. კანონპროექტის იმპლემენტაციისთვის იქმნება ააიპ “სავალდებულოდაზღვევის ცენტრი”. კანონპროექტი ადგენს “ცენტრის” ვალდებულებას აანაზღაუროს დაზარალებულისათვის დაუზღვეველი სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი, რა დროსაც ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისთვის დადგენილი წესები და პირობები. ასეთი შემთხვევებისათვის დადგენილია “ცენტრის” პასუხისმგებლობის მაქსიმალური ჯამური ოდენობა. კერძოდ, კანონპროექტის ფარგლებში მოზიდული სადაზღვევო პრემიის 10%–ისა და 500,000 ლარის ჯამი.
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავ უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისათვის სანქციები დაუწესდებათ.