უკრაინის მთავრობის მემორანდუმი ბიტფური ჯგუფთან

უკრაინის მთავრობის მემორანდუმი ბიტფური ჯგუფთან

უკრაინის მთავრობა ბიტფური ჯგუფთან ერთად, უკრაინაში პირველი სრულმასშტაბიანი ელექტრონული მმართველობის ბლოკჩეინ პროგრამის შემუშავებას იწყებს.

ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სააგენტოს ინოვაციური ბლოკჩეინ პროგრამა მიზნად ისახავს, უკრაინელ ხალხს შეუმციროს ხარჯები, გაუუმჯობესოს მთავრობის ეფექტიანობა და გაზარდოს გამჭვირვალობა იმისთვის, რომ ქვეყანაში შემცირდეს კორუფცია.

უკრაინის ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სააგენტომ 13 აპრილს ხელი მოაწერა უპრეცედენტო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბიტფური ჯგუფთან, მსოფლიოს უმსხვილეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კომპანიასთან. მემორანდუმი ითვალისწინებს პირველი სრულმასშტაბიანი ელექტრონული მმართველობის ბლოკჩეინ პროგრამის შექმნას უკრაინისთვის.

მემორანდუმს ხელი უკრაინის ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ალექსანდრ რიჟენკომ და ბიტფური ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა მოაწერეს.

უკრაინა-ბიტფურის ბლოკჩეინ პროგრამის ძირითადი ფაქტები

• უკრაინის მთავრობისა და ბიტფური ჯგუფის ერთობლივი  ელექტრონული მმართველობის ბლოკჩეინ პროგრამა დაიწყება საპილოტე პროექტით, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უკრაინის ელექტრონული მმართველობის პლატფორმაზე დანერგავს

• საპილოტე პროგრამის ფარგლებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა მოხდება სახელმწიფო რეესტრის, საჯარო სერვისების, სოციალური უსაფრთხოების, ჯანდაცვის და ენერგეტიკის სექტორებში

• მას შემდეგ, რაც საპილოტე ეტაპი დასრულდება, პროგრამა ყველა მიმართულებით განივრცობა – მათ შორის, კიბერუსაფრთხოების ჩათვლით

• სხვა სარგებელთან ერთად, ბლოკჩეინ ტექნოლოგია გაზრდის სახელმწიფო მონაცემთა ბაზების დაცულობას არაავტორიზებული ჩარევის წინააღმდეგ, შეამცირებს მოქალაქეების ხარჯებს, გააუმჯობესებს საერთო ეფექტიანობას, გაზრდის ინვესტიციებს უკრაინაში და ხელს შეუწყობს კორუფციის შემცირებას.

“უკრაინის მტკიცე ნებაა რეფორმების გატარება სახელმწიფო სექტორში”, -აღნიშნა უკრაინის ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ალექსანდრ რიჟენკომ: “ჩვენ გვესმის, რომ საჯარო სერვისებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას ალტერნატივა არ აქვს. ბლოკჩეინმა უკვე აჩვენა, რომ მყარ საფუძველს ქმნის ხარჯების შემცირების, მთავრობის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის ზრდისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს კორუფციის შემცირებას. ეს ყველაფერი ჩვენი მიზანია. ამდენად, მზად ვართ, ბლოკჩეინი უკრაინის ელექტრონული მმართველობის სტრატეგიაში ჩავრთოთ.“

„ჩვენი პარტნიორობა უკრაინის მთავრობასთან გულისხმობს უკრაინელი ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას იმით, რომ სისტემამ უკეთ იმუშაოს ხალხისთვის და შეამციროს მასთან დაკავშირებული ხარჯები“, -აღნიშნა ბიტფური ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა: „ჩვენ დიდი მოლოდინები გვაქვს ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით იმ მონდომების და მიზანდასახულობის გათვალისწინებით, რასაც უკრაინის მთავრობა იჩენს ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით. ბლოკჩეინი მომავლის ტექნოლოგიაა: მარტივი, იაფი, და ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ნებისმიერი სხვა დღეს არსებული სისტემა. ჩვენ ხელს შევუწყობთ ღირებულების და საკუთრების გაცვლას სანდო, ეფექტიანი და მარტივი გზით“.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს, საქართველოა. სარეგისტრაციო სერვისების ბლოკჩეინში ინტეგრირების სამუშაოები 2016 წლის აპრილიდან დაიწყო.“ბიტფური ჯგუფთან“ თანამშრომლობის პირველი ფაზა უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტის შემუშავებას და პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო ტექნიკურ თუ სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა, რაც წარმატებით დასრულდა. 2017 წლიდან საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის დანერგვის მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც, როგორც უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაციის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას, ბიზნესის რეგისტრაციის საცდელი პროექტის და სმარტ კონტრაქტების დანერგვას ითვალისწინებს.