რეპერი და მეწარმე ჯეი-ზი და Twitter-ისა და Square-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯეკ დორსი ერთად ბიტკოინის ფონდს ქმნიან, რომელიც აფრიკასა და ინდოეთში კრიპტოვალუტის განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული. . ამის შესახებ Twitter-ზე ჯეკ დორსიმ დაწერა.
როგორც დორსის ტვიტიდან ირკვევა, მომავალი პარტნიორები ფონდში 500 ბიტკოინს ჩადებენ, რაც ამჟამად $24 მილიონის ღირებულებისაა. ჯეკ დორსის თქმით, მათი მისია ბიტკოინის „ინტერნეტის ვალუტად“ ქცევაა.
ჯეი-ზი და ჯეკ დორსი ახლა ეძებენ სამ ადამიანს, რომლებიც დირექტორთა საბჭოს გაუძღვებიან და ფონდს უხელმძღვანელებენ. დორსის ტვიტში არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ იმუშავებს ფონდი.
ცნობისთვის, ჯეკ დორსი ბიტკოინის დიდი ხნის დამცველი და მხარდამჭერია. მისი გადახდების კომპანია Square-იც უკვე სამი წელია, ბიტკოინს უჭერს მხარს. ამასთან, Twitter-ში განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტას თანამშრომლებისა და მიმწოდებლებისთვის გადახდის საშუალებად განიხილავენ. როგორც დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, ბიტკოინი არც ერთი ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე არ არის მიბმული და მისი გაცვლა მომხმარებლებს შორის პირდაპირი წესით ხდება.
აღსანიშნავია, რომ ჯეკ დორსისა და ჯეი-ზის მიერ ბიტკოინის ფონდის დაარსების პარალელურად, ინდოეთის მთავრობა კრიპტოვალუტის აკრძალვას გეგმავს, ვინაიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკი საკუთარ ციფრულ ვალუტაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, ბიტკოინს ბოლო დროს ისეთი მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, როგორიცაა ილონ მასკის კომპანია Telsa და Mastercard-ი.