VEON-ი ანუ “ბილაინი” საქართველოში მობილური ინტერნეტის სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობს – ამისთვის კომპანიამ NOKIA-სთან გასულ კვირაში $10-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ქსელის მოდერნიზების შედეგად, გაიზრდება “ბილაინის” 4G-ის მობილური ინტერნეტის სიმძლავრე და შეიქმნება 5G ინტერნეტის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურა. NOKIA-სთან ხელშეკრულების გაფორმებას კომპანიის გლობალური CEO კაან თერზიოღლუ დაესწრო, რომელიც კომპანიის გეგმების შესახებ BMG-ს ესაუბრა. თერზიოღლუს განცხადებით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით, კომპანია 4G ინტერნეტის სიმძლავრეს გააორმაგებს.
“ვიონი იღებს ვალდებულებას, მოაწყოს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა, რომელიც მოამზადებს საქართველოს 5G-ზე გადასასვლელად. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს ტექნოლოგია არის გარანტი, რომ 4G-ზე ხელმისაწვდომობა ექნება ქვეყნაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს. რეალურად ვაორმაგებთ ინტერნეტის სიმძლავრეს, რათა მივწვდეთ საქართველოში 3 მილიონ პოტენციურ აბონენტს. ეს ალბათ კარგად აჩვენებს, როგორი ამბიციები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით.
ახალი ტექნოლოგიის დანერგვას „ნოკიასთან“ ერთად დავიწყებთ და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უკვე შევძლებთ კონკრეტული შედეგების დანახვას”, – განმარტავს კომპანიის გენერალური დირექტორი კაან თერზიოღლუ.
კაან თერზიოღლუს თქმით, საქართველოში მობილური ინტერნეტის დაფარვის განვითარება და ამ ტექნოლოგიაზე უფრო მეტი მოქალაქისთვის წვდომის მიცემა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას დაეხმარება.
“დიდი ამბიციები გვაქვს, 26%-იანი საბაზრო წილი კარგი დასაწყისია, თუმცა აქ მთავარი აბონენტების რაოდენობა არ არის, არამედ მნიშვნელოვანია, რას ვაკეთებთ საქართველოს ეკონომიკისთვის. დღეს სმარტფონი აღარ არის ფუფუნების საგანი, ეს აუცილებელი ნივთია ადამიანებისთვის, რათა შეძლონ მუშაობა, ბავშვებმა მიიღონ განათლება, განვითარდეს ისეთი სექტორები, როგორიცაა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა. ვიმედოვნებ, ჩვენი კომპანია გააგრძელებს სახელმწიფოსთან ერთად მუშაობას, რათა ინტერნეტი უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რაც, საბოლოოდ, უზრუნველყოფს საქართველოს მეტ კონკურენტუნარიანობას”, – აცხადებს VEON-ის გენერალური დირექტორი. ამასთან, კაან თერზიოღლუს თქმით, იმ ცხრა ქვეყანას შორის, სადაც კომპანია არის წარმოდგენილი, 2020 წელს ყველაზე დიდი ვარდნა საქართველოში დაფიქსირდა, რაც საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადის კლებით იყო გამოწვეული.