2024 წლისთვის ნოტრ-დამი დამთვალიერებელს უმასპინძლებს

2024 წლისთვის ნოტრ-დამი დამთვალიერებელს უმასპინძლებს

მასშტაბური ხანძრიდან ორი წლის შემდგომ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა და რესტავრაციის პროცესი იწყება. 2019 წელს, მეთორმეტე საუკუნით დათარიღებული ნოტრ-დამის ხანძრიდან მოკლე ხანში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 2024 წლისთვის ტაძრის აღდგენა დააანონსა.

ხანძრით დაზიანებული ტაძრის სტრუქტურის გასამაგრებელი დასკვნითი ეტაპი გიგანტური ხის თაღოვანი ფორმის ჩარჩოებით სარდაფების გამაგრებას მოიცავდა. სახელმწიფო უწყებამ, რომელიც ნოტრ-დამის სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ ტაძრის გახსნის მაკრონის მიერ დასახელებულ თარიღს ნელ-ნელა უახლოვდებიან. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, 2024 წელს, როდესაც საფრანგეთი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, ნაგებობა დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება.

აღსანიშნავია, რომ აღდგენითი სამუშაოების შემდგომ მე-12 საუკუნის ნაგებობა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. მათ შორის აღდგება ტაძრის 96-მეტრიანი შპილი, რომელიც არქიტექტორ ვიოლე-ლე-დიუკის მიერ 1800-იან წლებშია დაპროექტებული. შპილის აღსადგენად სპეციალური ხის მასალა უკვე შეირჩა. ხანძრის შემდგომ ტაძრის აღდგენის სხვადასხვა გეგმა განიხილებოდა. მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული პროექტი, რომელიც ტაძრის აღდგენის თანამედროვე მიდგომას გულისხმობდა, თუმცა პრეზიდენტმა მაკრონმა ისტორიული შენობისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება გადაწყვიტა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს თვეებში,  მას შემდგომ დაიწყება, რაც კომპანიების შესარჩევი ტენდერი დასრულდება. რესტავრაციის დაწყებამდე მიმდინარე თვეში ტაძრის შიდა კედლებისა და იატაკის დასუფთავება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ უძველეს გოტიკურ ტაძარში ხანძარი 2019 წელს გაჩნდა. მიუხედავად ვრცელი გამოძიებისა, ხანძრის საბოლოო მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. პროკურატურა ამ ეტაპზე ორ მიზეზს, სიგარეტს ან ელექტროგაყვანილობის გაუმართაობას ასახელებს. ტაძრის აღდგენითი სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო გასულ წელს დროებით შეჩერდა.