გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში, კერძოდ კი მედიცინის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. გარდა ამისა, FDA-მ კლივლენდის კლინიკაში მომუშავე მკვლევრებს მკერდის კიბოსთან საბრძოლველად შექმნილი ვაქცინით ადამიანებზე ცდების ჩატარების უფლება მისცა. ასევე საყურადღებოა ახალი კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ერთ-ერთი გავრცელებული ანტიდეპრესანტი, ფლუვოქსამინი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკებს ამცირებს.
მეცნიერების სფეროში გასულ კვირას მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამოსარჩევია აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მომუშავე ასტრონომებისა და მათი კოლეგების მიერ იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფეროში მოქმედ, „დიდი წითელი ლაქის“ სახელწოდებით ცნობილ შტორმზე სამ განზომილებაში დაკვირვება, რამაც სპეციალისტებს მისი სიღრმის დაზუსტების შესაძლებლობა მისცა. მოცემულ ბლოგში სწორედ ამ და სხვა საყურადღებო სიახლეების შესახებ მოგითხრობთ.
FDA-მ Pfizer-ის ვაქცინით 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრის ნებართვა გასცა
ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის თანამშრომლობით შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრის ნებართვა გასცა. სააგენტომ ამის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 29 ოქტომბერს გაავრცელა.
FDA-ს წარმომადგენლების განცხადებით, მათი გადაწყვეტილება მონაცემების საფუძვლიან და გამჭვირვალე ანალიზს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კლინიკური კვლევის თანახმად, რომელშიც 5-დან 11 წლამდე 4,600-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინამ 90.7%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. რაც შეეხება პრეპარატის უსაფრთხოებას, ის 3,100 მოზარდზე გამოცადეს და ტესტირების განმავლობაში სერიოზული თანამდევი მოვლენები არც ერთ მათგანს არ გამოვლენია. კვლევაში მონაწილეთაგან პლაცებო 1,538 ცდისპირს ჰქონდა გაკეთებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში მცხოვრებ 28 მილიონ ბავშვს მიმდინარე თვიდან ვაქცინის ორ, შედარებით სუსტ დოზას, სამი კვირის ინტერვალით გაუკეთებენ. უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი პირებიდან 39%-ს სწორედ 5-დან 11 წლამდე ბავშვები შეადგენენ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, მათ შორის დაახლოებით 8,300 შემთხვევაში დაავადებულთა ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
17 ოქტომბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 18 წელზე უმცროსი ასაკის 691 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, 146 მათგანი 5-დან 11 წლამდე ბავშვი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ დღემდე ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 45.9 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 745 ათასი ადამიანი დაავადებას ემსხვერპლა.
კლივლენდის კლინიკა მკერდის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას იწყებს
ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კლივლენდის კლინიკაში მომუშავე მკვლევართა ჯგუფს მკერდის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კლივლენდის კლინიკაში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მათი და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Anixa Biosciences-ის თანამშრომლობით შექმნილი პრეპარატით ე.წ. სამმაგი ნეგატიური მკერდის კიბოს პრევენციაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეს სიმსივნის ყველაზე აგრესიული და მომაკვდინებელი ფორმაა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და რეციდივის მაღალ რისკს შეიცავს.
ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში, რომელის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდება, მონაწილეობას 18-დან 24-მდე ადამიანი მიიღებს. მათ შორის იქნებიან ის პირები, რომლებიც უკვე სამ წელზე მეტია, რაც მკერდის კიბოსგან განიკურნნენ, ამჟამად სიმსივნით არ არიან დაავადებულნი, თუმცა რეციდივის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
როგორც ცნობილია, კვლევის განმავლობაში პაციენტები ვაქცინით ორი კვირის ინტერვალით სამჯერ აიცრებიან. მეცნიერები პრეპარატის შედეგიანობასა და მისი მიღებით გამოწვეულ თანმხლებ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან. კლინიკური კვლევის პირველი ფაზის დასრულება 2022 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.
ცდების დასრულების შემდეგ სპეციალისტები ვაქცინის დოზის განსაზღვრას შეეცდებიან, რომელიც მკერდის კიბოს ამ ყველაზე აგრესიული ფორმის პრევენციისთვის იქნება საჭირო. ისინი ასევე ცდისპირებზე პრეპარატის შედეგსაც დააკვირდებიან. მომდევნო კვლევების დროს კი მეცნიერები დაავადებასთან ბრძოლაში ვაქცინის ეფექტიანობის ხარისხის დადგენას შეეცდებიან.
კვლევა: ფლუვოქსამინმა COVID-19-ით დაავადებულებში შესაძლოა, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკი შეამციროს
ბრაზილიაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის თანახმად, ერთ-ერთმა ყველაზე გავრცელებულმა ანტიდეპრესანტმა – ფლუვოქსამინმა შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკები შეამციროს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში გამოაქვეყნდა.
კვლევაში კორონავირუსით ინფიცირებული ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდათ და არასახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვირუსის მძიმე ფორმით განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. ცდებში მონაწილეთაგან 741 დაავადებული გარკვეული დროის განმავლობაში ფლუვოქსამინს იღებდა, 756 კი – პლაცებოს.
ცდისპირებზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილ კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდ ნაწილს პლაცებო ჰქონდა მიღებული. კერძოდ კი კვლევის იმ 741 მონაწილიდან, რომელთაც პრეპარატი მისცეს, სამედიცინო დაწესებულებაში 79 ადამიანი, ანუ 11% აღმოჩნდა. პლაცებოს ჯგუფში შემავალი 756 ცდისპირიდან კი 119 ადამიანის, ანუ 16%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მონაცემების ანალიზის შედეგად მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფლუვოქსამინი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკს 32%-ით ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ დაავადებას მხოლოდ ერთი ადამიანი ემსხვერპლა მათ შორის, ვინც ფლუვოქსამინით მკურნალობის კურსი ჩაიტარა. ადამიანთა ჯგუფიდან კი, რომლებმაც პლაცებო მიიღეს, გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა.
აშშ-ში ფლუვოქსამინი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, ზოგჯერ კი დეპრესიის სამკურნალოდაც გამოიყენება. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების ცნობით, პრეპარატის ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყენების რეკომენდაცია მარეგულირებელ ორგანოებს არა აქვთ გაცემული. ცნობისთვის, 10-დღიანი კურსის სამყოფი ფლუვოქსამინი სულ რაღაც 4 აშშ დოლარი ჯდება.
კვლევის შედეგები: AstraZeneca-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს
დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ChAdOx1 nCoV-19-ი (ცნობილი, როგორც AstraZeneca) ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს. ახალი კვლევების ანალიზის შედეგები სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევები დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა. როგორც ირკვევა, ცდებში მონაწილეებში მუცლის მოშლის თითქმის მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ ცდისპირებს შორის, რომლებსაც ორგანიზმში AstraZeneca-ს პრეპარატი ან პლაცებო შეუყვანეს. გარდა ამისა, მკვდარი ნაყოფის შობის შემთხვევები ჯერჯერობით არ აღწერილა.
ანალიზის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ვაქცინა ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს. The Lancet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ცდების მიმდინარეობისას დაფეხმძიმებული 93 ცდისპირიდან 50-ს AstraZeneca-ს პრეპარატი ჰქონდა გაკეთებული, 43-ს კი – პლაცებო.
როგორც ცნობილია, კვლევების განმავლობაში საერთო ჯამში 15 ახალშობილი დაიბადა. მათ შორის ათი იმ ცდისპირებმა გააჩინეს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდათ მიღებული, ხუთი კი – მათ, ვის ორგანიზმშიც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო შეიყვანეს. ვაქცინირებულთა ჯგუფიდან ნაადრევი მშობიარობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სამივე ახალშობილი 34-37-კვირიანი მუცლადყოფნის შემდეგ დაიბადა.
ორსულობაზე კორონავირუსის გავლენის შესახებ კლინიკური მონაცემების სიმწირემ ვაქცინაციის პროცესში ფეხმძიმეთა პასიურობა გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მცხოვრები არავაქცინირებული ორსული ქალები საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების 20%-ს შეადგენენ, რომლებშიც კორონავირუსი მძიმე ფორმით მიმდინარეობს.
ასტრონომებმა იუპიტერის შტორმის – „დიდი წითელი ლაქის“ სიღრმე გაზომეს
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) რეაქტიული ძრავების ლაბორატორიასა და ქვეყანაში მდებარე სხვადასხვა დაწესებულებაში მომუშავე ასტრონომები იუპიტერის სამხრეთ ნაწილში მოქმედ შტორმს – „დიდ წითელ ლაქას“ სამ განზომილებაში დააკვირდნენ და შედეგად, მისი სიღრმის შესახებ უფრო ზუსტი მონაცემები მოიპოვეს. მეცნიერებმა ამის შესახებ გამოცემა Nature-ში ორი ნაშრომი გამოაქვეყნეს.
ასტრონომებმა ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის შტორმზე დასაკვირვებლად NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულ კოსმოსურ ზონდ Juno-ზე დამონტაჟებული გრავიტაციის საზომი ხელსაწყო და მიკროტალღური რადიომეტრი გამოიყენეს. პირველი მათგანის მიერ მოპოვებული მასალის ანალიზის შედეგად სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „დიდი წითელი ლაქა“ დაახლოებით 500 კილომეტრის სიღრმეზე ვრცელდება და 3 ათასი კილომეტრის სიღრმიდან მომავალი ნაკადებით მარაგდება. მეცნიერების განმარტებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შტორმი პლანეტის გარშემო არსებული ატმოსფეროს ზედა და ქვედა შრეებს აკავშირებს.
ამის პარალელურად, ასტრონომები იუპიტერის უდიდეს შტორმს Juno-ზე დამონტაჟებული 600 კილომეტრი დიაპაზონის მქონე მიკროტალღური რადიომეტრის საშუალებით დააკვირდნენ. მეცნიერებმა ხელსაწყოს დახმარებით დაადგინეს, რომ ატმოსფერულ ფენომენს კავშირი აქვს ღრუბლების მიღმა განლაგებულ იმ რეგიონთან, სადაც, მათი ვარაუდით, წყალი და ამიაკი კონდენსირდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია Lockheed Martin-ის მიერ აგებული ხომალდი Juno იუპიტერის შესასწავლად 2011 წლის 5 აგვისტოს ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოდრომიდან რაკეტა Atlas V 551-ის დახმარებით გაუშვა. აპარატმა დანიშნულების ადგილს 2016 წელს მიაღწია და პლანეტის ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მისიის ხანგრძლივობა 7 წლით იყო განსაზღვრული, თუმცა NASA-ს მიერ მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, Juno იუპიტერის შესწავლას 2025 წლამდე გააგრძელებს.