A Century Ahead

A Century Ahead

ვერც გეტყვით და ვერც მოვყვები ამბავს, თუ როგორ ამოვყავი თავი საფრანგეთის ერთ არაჩვეულებრივ ქალაქში.

მისი ლეგენდარული ისტორია დასაბამს ძველი რომაელებისაგან იღებს, რომლებიც ქალაქებს ცნობილი პიროვნებების სახელებს არქმევდნენ. ჩემი მასპინძელი ქალაქის პრეფექტი ჯერ კიდევ რომის ეპოქაში სახელად კონიუ (Cognu) გახლდათ და ამ ქალაქის თავდაპირველი სახელიც სწორედ კონიუს ქალაქი (Cognu-Acum) იყო. შემდგომში, ჩემთვის უცნობი მიზეზებით, ქალაქს სახელი შეუცვალეს და მას კონიაკი (Cognac) ეწოდა. და ასეა დღემდე, მოყოლებული XVI საუკუნიდან, ვიდრე ამ მიდამოებში დამკვიდრდებოდა მსოფლიოში ცნობილი ღვინოებისა და შამპანურების ნაირსახეობები, რომლებზეც მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ამ არემარეს ჰოლანდიური სავაჭრო გემები შემოეჩვივნენ – სწორედ ღვინოსა და სხვადასხვა სასმელს აკითხავდნენ. ასე იქცა ეს მხარე და მთელი საფრანგეთი ევროპაში ალკოჰოლის წარმოების მექად და, შესაბამისად, უმსხვილეს ექსპორტიორადაც.

ლეგენდის მიხედვით, კონიაკი განსაკუთრებულად პოპულარული ლუი XIV-ის მიერ პერსონალური დაჭაშნიკებისა და შეფასების შემდეგ გახდა. აღმოჩნდა, რომ შეფასება მაღალი მისცა და დააფასა კიდეც, რადგან სამეფო კარზე ამის შემდეგ სასმელს სანახევროდ წყლით გაზავებულს და მცირე დოზით რეგულარულად შეექცეოდნენ. ამ ისტორიას ჩემგან მოკითხული თითქმის ყველა წყარო ადასტურებს, მაგრამ ჩემი მოგზაურობა საფრანგეთის ქალაქ კონიაკში კიდევ უფრო ადრინდელ პერიოდს და ისტორიას უკავშირდება. მასპინძლებშიც გაგვიმართლა – ეს Rémy Martin-ი და მისი გამორჩეული ბრენდი Lous XIII გახლავთ. მათ გადაწყვიტეს, რომ საფრანგეთისა და ამ სასმელისადმი ჩემი სიყვარული სრულიად უპირობო აქციონ. და მათ ეს გამოუვიდათ.

მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ, რომელიც Rémy Martin-ის ოჯახისა და საქმის განუყოფელ და საამაყო ნაწილს წარმოადგენს: ჩვენი მასპინძლები კონიაკის ამ რეგიონში სწორედ ლუი XIII დროს დასახლდნენ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ Remy Martin-ის სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი ამ მეფის სახელს ატარებს.

რემი მარტენის ოჯახის ისტორიაც აქედან იღებს დასაბამს. Louis XIII de Rémy Martin 1724 წელს დაარსდა. თაობებით მევენახე-მეღვინე რემი მარტენი წარმოშობით შარანტიდან გახლდათ. ცნობილი ფაქტია, რომ მიუხედავად კანონით შეზღუდვებისა, ლუი XV–მა პირადად მისცა ნებართვა, შთამომავლობით მეღვინეებისა და მევენახეების – მარტენების ოჯახს ვაზის ახალი ჯიშების დარგვა-კულტივირება დაეწყოთ.

კომპანიას, ცხადია, ჰყავს მმართველები, მენეჯერები, დირექტორატი, ბრენდსა და კომუნიკაციებზე მომუშავე უამრავი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ფრიად გამაოცა იმის გაგებამ, რომ კომპანიაში უმნიშვნელოვანესი პოზიცია ჩვენებურად მთავარ ტექნოლოგებს, ფრანგულად კი მარნის გამგეებს, კუპაჟის ოსტატებს უკავიათ. გამორჩეულად დაფასებული და ავტორიტეტული ხალხია მთელი საფრანგეთის მასშტაბით. ჩვენს ჯგუფს, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე გავლენიან მედიაორგანიზაციას წარმოვადგენდით, გაგვიმართლა. მოქმედი მთავარი ტექნოლოგის, ბატისტ ლუაზოს გარდა, რომელიც კონიაკში სამდღიანი სტუმრობისას გვერდიდან არ მოგვშორებია, მისი წინამორბედიც პერიოდულად გვიერთდებოდა სხვადასხვა ისტორიისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ლეგენდარული პიერეტ ტრიშე, მსოფლიოში პირველი ქალბატონი მარნის გამგე (ტექნოლოგი) გახლდათ, რომელიც რემი მარტენის სახლის ამ მიმართულებას 11 წლის განმავლობაში უძღვებოდა. ახლაც ამ კომპანიაში რჩება მის ერთგულ მრჩევლად და ნაწილად. ბატისტ ლუაზოც თავს კომფორტულად და მყარად გრძნობს – ზურგს საკუთარი ცოდნა, ავტორიტეტი და კოლეგების ფასდაუდებელი გამოცდილება უმაგრებს. Forbes-ი ბატისტს კონიაკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა cellar master-ად მოიხსენიებს, არადა, Rémy Martin-ს რიგით ტექნოლოგად და ინჟინრად სულ რაღაც 2007 წელს შეუერთდა, და სწორედ ქალბატონი ტრიშეს დამსახურებაა ყველა იმ თვისებისა და უნარების დამკვიდრება, რაც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოში გამორჩეულად ავტორიტეტული კომპანიის მთავარ პერსონად მისი არჩევის საფუძვლად იქცა. თავადაც ხშირად უყვარს აღნიშვნა: I matured at Rémy Martin.

მათგან შევიტყვეთ ამ ჯადოსნური სითხის მუხის კასრებში მოთავსების ისტორიაც და თითქმის ყველა საიდუმლო, რაც იდუმალებით მოცულ კონიაკს და კონკრეტულად Lous XIII-ს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად აქცევს. ვიდრე Rémy Martin-ის სახლს ვეწვეოდი საფრანგეთში, ჯერ თბილისში და შემდეგ პარიზში გავაგრძელე მასპინძელი კომპანიის შესახებ სხვადასხვა მასალის მოკვლევა სხვადასხვა წყაროში (მგონი, ერთ-ერთი ვიკიპედიაც იყო) და მოპოვებული ცნობით შოკირებული ვიყავი: ბრენდის საფასო სეგმენტიდან გამომდინარე, 700 მილიგრამის ბოთლის ფასი შეიძლება 4000 დოლარსაც აღემატებოდეს. იმასაც ვიაზრებდი წარსული ცოდნიდან და ინფორმაციებიდან, რომ საუბარია ბრენდზე და სასმელზე, რომელსაც მიირთმევდა მეფე გეორგ VI და დედოფალი ელიზაბეტი, ამ სასმელით აღფრთოვანებას არ მალავდა დიდი პოლიტიკოსი და კონიაკის ერთ-ერთი გამორჩეული გურმანი უინსტონ ჩერჩილი. ცნობილი ფაქტია, რომ შარლ დე გოლმა სწორედ ამ სასმელით, Lous XIII-ით აღნიშნა 1944 წელს საფრანგეთის გათავისუფლება ფაშიზმისგან.

თუმცა, არ გამომრჩეს: მუხის კასრები, სადაც სასმელს ათავსებენ, კიდევ ცალკე სამყარო და მოგზაურობა აღმოჩნდა. მართალია, წინ უამრავი აღმოჩენა მელოდა, მაგრამ მუხის ასწლოვანი ტყის მონახულებამ და ადგილზე ჩატარებულმა მასტერკლასმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მასპინძლებმა ადგილზე დაგვახვედრეს 1870 წელს გამოცემული ტყის მართვის სახელმძღვანელო. ტყის მოვლის აქ გაწერილ წესებს სწორედ ამ წლიდან მოყოლებული ზედმიწევნით იცავენ. მუხის ასეთი ტყის გაშენებას (ფოტოზეა), სადაც Rémy Martin-ის მმართველმა პარტნიორმა, მენეჯმენტმა, ტექნოლოგებმა და გუნდმა მედიას უმასპინძლეს, მინიმუმ 200 წელიწადი სჭირდება. ამიტომაც კომპანია საკუთარი სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად თანამშრომლობს საფრანგეთის გარემოს დაცვის საჯარო სამსახურებთან, რომლებმაც შესაბამისი მასტერკლასი ამ მიმართულებაზეც გაგვიზიარეს. სტუმრებმაც შევიტანეთ მოკრძალებული წვლილი მუხის 40 ნერგის დარგვით. ჩვენი მასპინძლები Rémy Martin-დან კი ჩვენთვის მოწყობილ სახელდახელო მდელოს კიდევ რამდენიმე ასეულ ძირ მუხას შემატებენ და ახალი ტყის გაშენებას დაუდებენ საფუძველს.

უნდა ითქვას, რომ კასრების ისტორია ტყეში იწყება, სადაც უამრავი კრიტერიუმის გათვალისწინებით, სხვადასხვა ინსოლაციური დაკვირვებისა თუ კვლევის შემდეგ საგულდაგულოდ ირჩევა მუხის ის მომავალი ხე, რომელიც ასწლოვან საკონიაკე მარადისობაში ინაცვლებს. საწარმოო პროცესის ეს ნაწილიც ნამდვილი ხელოვნებაა…

შედარებითი მოცალეობის ჟამს ჩვენს მასპინძლებს სხვადახვა კითხვით ვავსებდი და ერთ-ერთი იყო: ვინ არის თქვენი სახლის კონკურენტი ან რა არის ამ ბრენდის (LOUS XIII) კონკურენტული უპირატესობა? ლუი დიუ პლესისგან ვიღებ პასუხს, რომ ამ სასმელის ბრენდის კონკურენტებად შეიძლება მოიაზრო მხოლოდ დიორი, შანელი, გნებავთ – ერმესი. მაგრამ ამ სეგმენტში (ღვინო-კონიაკი) ჩვენ კონკურენტი, უბრალოდ, არ გვყავს. აი ასე, მარტივად და ამბიციურად დამიბრუნა პასუხი Louis XIII-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც Rémy Martin-ის გუნდის უკლებლივ ყველა სხვა წარმომადგენელთან ერთად არაჩვეულებრივად კომუნიცირებდა სტუმრებთან, რომლებიც, როგორც უკვე ვახსენე, მსოფლიოს ოცზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან ვიყავით წარმოდგენილნი. საოცრად უშუალო მასპინძელი და მოსაუბრე გამოდგა მადამ დომინიკი (Dominique Hériard Dubreuil), რომელიც Rémy Martin-ის დირექტორატს ხელმძღვანელობს და კომპანიის მეპატრონე ოჯახს წარმოადგენს. არ ველოდი, თუ მასპინძლებს შორის იქნებოდა ქალბატონი დაბრუილი, რომელიც მსოფლიოს ერთ- ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონადაც იყო დასახელებული.

თავად ბრენდიც ამ გარემოში სრულიად განსხვავებულად პოზიციონირებს მსოფლიო მასშტაბით, იდეაში როგორც კლასიკური გლობალური ბრენდი, რომელიც ადგილს იმკვიდრებს ყველგან, სადაც ამ ელიტური ბრენდისადმი პატივისცემა, სიყვარული და ლოიალობა იგრძნობა. ის კონიაკის ინდუსტრიისა და მთელი ეპოქის მიღმაა, და მათი მოტოც ხშირად “Think a century ahead” არის. ამას მოგვიწოდებს და მანამდე თავად ამკვიდრებს Louis XIII. ამიტომაც არ შედიან კონკურენციაში სხვა ღვინოებთან ან კონიაკთან. ვის მიიჩნევენ კონკურენტად, ზევით წაიკითხავთ.

ჰოდა, მთავარი, რაც ბოლოსთვის მოვიტოვე. კი არ მოვიტოვე, იდეაში წამოვიღე კონიაკიდან, საფრანგეთის ამ არაჩვეულებრივი ქალაქიდან. სამდღიანმა სტუმრობამ Rémy Martin-ის სახლში დამიდასტურა, რომ: It is not about the volume, it’s all about values.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *