გერმანული ტრანსნაციონალური კომპანია Adidas-ი Reebok-ის ბიზნესს ყიდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაყიდვის პროცედურები დაწყებულია.
„Reebok-სა და Adidas-ს ექნებათ შესაძლებლობა, ზრდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უფრო კარგად მოახერხონ. ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ Reebok-ის ბრედის და მისი გუნდის მომავალი წარმატება დავაზღვიოთ“, – განაცხადა Adidas-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კასპერ რორსტედმა.
Reebok-ის გაყიდვის გადაწყვეტილება Adidas-ის ხუთწლიანი სტრატეგიის ფარგლებში მიიღეს. ახალ სტრატეგიას კომპანია 10 მარტს წარადგენს.
ცნობისთვის, Adidas-მა Reebok-ი $3.8 მილიარდად 15 წლის წინ იყიდა. თუმცა ბოლო პერიოდში ამ უკანასკნელმა არც ისე კარგი შედეგები აჩვენა. Reebok-ის გაყიდვები Adidas-ის გაყიდვების მხოლოდ 7%-ს მოიცავს, მაშინ როდესაც 2010 წელს 18%-ს შეადგენდა.
Adidas-ში აცხადებენ, რომ სამომავლოდ გლობალურ ბაზარზე ფოკუსირებული მხოლოდ საკუთარი ბრენდის გაძლიერებაზე იქნებიან.
რაც შეეხება Reebok-ის პოტენციურ მყიდველებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ესენი შეიძლება იყვნენ VF Corp-ი ან The North Face-ი. ორივე მათგანი ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიაა. პოტენციურ მყიდველად მოიაზრება ასევე ჩინური Anta Sports-იც.