Adjarabet-ს შპს ავიატორისთვის $330 მილიონის გადახდა დაეკისრა

Adjarabet-ს შპს ავიატორისთვის $330 მილიონის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 აგვისტოს აზარტული თამაშების კომპანია Spribe OÜ-სა და ონლაინ-კაზინო Adjarabet-ის მხრიდან შპს ავიატორის საავტორო უფლებებისა და სასაქონლო ნიშნებზე არსებული უფლებების დარღვევა დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, Adjarabet-ს, რომელიც დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანია Flutter Entertainment Plc-ს ეკუთვნის, შპს ავიატორის სასარგებლოდ $330 მილიონის გადახდა დაეკისრა.

შპს ავიატორი Spribe OÜ-ს სასაქონლო ნიშნების ბათილად ცნობას შემდეგი საფუძვლებით ითხოვდა:

  • სასაქონლო ნიშნები დარეგისტრირდა არაკეთილსინდისიერად, რადგან Spribe OÜ -მ იცოდა მოსარჩელის საავტორო უფლებების არსებობის შესახებ და ამავე დროს იყენებდა მოსარჩელის სასაქონლო ნიშანსა და გამოსახულებას;
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით დაირღვა მოსარჩელის საავტორო უფლებები.

ამავე სარჩელში შპს ავიატორი ითხოვდა აზარტული თამაშების პლატფორმა www.adjarabet.com-სთვის სახელის Aviator და ასევე მოსარჩელის კუთვნილი გამოსახულების გამოყენების აკრძალვას, ხოლო უნებართვო გამოყენებისთვის ზიანის ანაზღაურებას.

მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ Spribe OÜ-ს სასაქონლო ნიშნები არაკეთილსინდისიერად იყო რეგისტრირებული. ასევე, მათი რეგისტრაცია არღვევდა საავტორო უფლებებს მოსარჩელის გამოსახულებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ გააუქმა სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციები.

რაც შეეხება სარჩელს www.adjarabet.com-ის წინააღმდეგ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ და დაავალა პლატფორმას შეეწყვიტა სახელწოდება Aviator-ის გამოყენება მისი წამყვანი თამაშისთვის და კაზინოს თამაშების ონლაინ სტრიმინგისთვის. სასაქონლო ნიშნებისა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლომ შპს ავიატორის სასარგებლოდ აზარტული თამაშების პლატფორმას www.adjarabet.com ასევე დააკისრა $330 მილიონის გადახდა.

„მოხარულები ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი კლიენტის ინტელექტუალური საკუთრების დაცვას არალიცენზირებული გამოყენებისგან ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე“ – ვკითხულობთ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანიის „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილის“ მმართველი პარტნიორის, ნიკოლოზ გოგილიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოპასუხე მხარეებს სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.