თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი „მიმინო“, 30 წლის შემდეგ, ზაფხულის ბოლოს თვითმფრინავით შიდა რეისებს პირველად განაახლებს. შიდა ფრენები ბათუმისა და მესტიის აეროპორტების მიმართულებით 16-ადგილიანი თვითმფრინავით განხორციელდება.
„მიმინოს“ მფლობელი, „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით ტეფნაძე აცხადებს, რომ აეროპორტი, სადაც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენოსნო-საინჟინრო მომზადებას გადიან, მალე სრულად დაიტვირთება. მისი თქმით, აეროდრომის რეაბილიტაციაზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„ფრენების ზუსტი ფასების თქმა ამჯერად არ შემიძლია, თუმცა ის იმ ფასების დიაპაზონში მერყეობს, რაც ქვეყანაში შიდა ფრენებზეა. ჩვენ გავარემონტეთ როგორც ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე სააეროდრომო ინფრასტრუქტურა (სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდის სადგომი).
2022 წლის დასაწყისში სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასა. საწყის ეტაპზე აეროპორტში კვირაში 4 რეისი განხორციელდება. აეროპორტს ასევე შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულოს როგორც ჩარტერული, ასევე რეგულარული ფრენები.“ – განმარტა მან.
ფრენებს თელავის აეროპორტიდან კომპანია „აკეარ ჯორჯიაა“ განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე მეორეს სახელობის აეროპორტი „მიმინო“ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკუთრებაშია და ის 2012 წელს გაიხსნა. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აეროპორტის ტერიტორიაზე საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ადგილზე სამი ტიპის – Cessna 152, Aeroprakt A-22 და Tecnam P2006T თვითმფრინავებია წარმოდგენილი.