სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი LG Corp-ი, ქვეყანაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, $74 მილიარდის ინვესტირებას განახორციელებს. ბიზნესპორტფოლიოს დივერსიფიცირებაზე გათვლილი საინვესტიციო გეგმა LG-იმ სეულში, აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე გაასაჯაროვა.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ქვეყნის შიდა ინვესტიციების ნახევარზე მეტი მომავლის ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, ბიოტექნოლოგიებისა და სუფთა ტექნოლოგიების მიმართულებით დაიხარჯება. LG-ის დაფინანსება მოხმარდება ბატარეებისა და საავტომობილო ნაწილების განვითარებას. უცნობია, თუ რაზე დაიხარჯება ინვესტიციის მეორე ნახევარი.
ასევე უცნობია, თუ როგორ გადანაწილდება დაფინანსება კონგლომერატის შვილობილ კომპანიებზე: სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელ LG Electronics-ზე, ნავთობქიმიური პროდუქტების მიმწოდებელ LG Chem-სა და ელექტრომანქანების ბატარეების მწარმოებელ LG Energy Solution-ზე. კომპანიის განცხადებით, სწრაფად მზარდ ტექნოლოგიებში დაფინანსება LG-ის გლობალური ინვესტიციის 65%-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე, კონგლომერატის ძირითადი შემოსავლის წყაროს ნავთობქიმიური ერთეული წარმოადგენს, შემდეგ მოდის საყოფაცხოვრებო საქონელი და ელექტრონიკის დანაყოფები. ინვესტიციით, LG-ს ბიზნესპორტფელის გაფართოება სურს. კონგლომერატმა 2020 წელს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი განყოფილება – LG AI Research-იც დააარსა, გამოუშვა AI-ჩეტბოტიც ქიმიური და ფარმაცევტული მიმართულებით დასაქმებული პროფესიონალებისთვის და ტექსტიდან სურათის გენერირების პლატფორმაც.
ბოლო წლებში სამხრეთ კორეის კონგლომერატი ბიოტექნოლოგიურ და მდგრადი ტექნოლოგიების ბაზარზეც შევიდა. LG Chem-მა 2023 წელს, Nasdaq-ზე დალისტული AVEO Pharmaceuticals-ი $571 მილიონად შეიძინა. 2020 წელს LG Chem-ს LG Energy Solution-ი გამოეყო, რომელიც სრულად ელექტრომობილებისთვის ბატარეების დამზადებაზეა ფოკუსირებული.