ალბანეთმა, ორშაბათს, საბჭოთა პერიოდის განახლებული საჰაერო ბაზა გახსნა. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში სამხედრო ალიანსის პირველი ბაზა დედაქალაქ ტირანიდან 85 კილომეტრში, ქალაქ კუჩოვაში მდებარეობს. საბჭოეთის დროინდელი ბაზა ოფიციალურად 2005 წელს დაიხურა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი საჰაერო ბაზა, საბრძოლო თვითმფრინავების განთავსებისა და წვრთნების თანამედროვე საოპერაციო ცენტრი იქნება. ალბანეთის პრემიერი ედი რამა მიესალმა განახლებული სამხედრო ბაზის გახსნას, როგორც „უსაფრთხოების კიდევ ერთ ელემენტს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისთვის, რომელიც რუსეთის ნეოიმპერიალისტური ამბიციების გამო, შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს“. ცერემონიის დასასრულს, ორი ამერიკული F-16 და ორი F-35 მოიერიშე თვითმფრინავი იტალიის „ავიანოს საჰაერო ბაზიდან“ აფრინდა.
ალბანეთის საჰაერო ბაზის განახლება ნატო-ს მხრიდან 50 მილიონი ევროთი დაფინანსდა. განახლების პროექტი მოიცავდა საკონტროლო კოშკის, ასაფრენი ბილიკების, ანგარებისა და საწყობების გარემონტებას. „კუჩოვას საჰაერო ბაზის განახლება სტრატეგიული ინვესტიციაა და აჩვენებს, რომ ნატო ძლიერდება ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში – დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში“, – განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა დილან უაიტმა.
ალბანეთის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ტირანა, ნატო-სთან თანამშრომლობით, ქვეყანაში საზღვაო ბაზის შექმნასაც განიხილავს. ცნობისთვის, ალბანეთი ნატო-ში 2009 წელს გაწევრიანდა და ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.