სტუდია DreamWorks-ის ახალმა ნამუშევარმა, “კუნგ-ფუ პანდა 3”-მა, გასულ უქმეებზე, აშშ-სა და კანადის კინოთეატრებიდან 41 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის პირველი ნაწილი 2008 წელს გამოვიდა ეკრანებზე და საერთო ჯამში 666 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2011 წელს გამოსულმა მეორე ნაწილმა – $632 მილიონი.
1 თებერვლიდან “კუნგ-ფუ პანდა 3” საქართველოს კინოთეატრებშიც არის წარმოდგენილი. “გადარჩენილი” (The Revenant), 12,4 მლნ შემოსავლით, ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში მეორე ადგილზეა. ფილმი წარდგენილია “ოსკარზე”. ფილმში მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლეონარდო დიკაპრიომ უკვე მოიპოვა “ოქროს გლობუსი” და მსახიობთა გილდიის ჯილდო. რეიტინგში მესამე ადგილზეა “ვარსკვლავური ომები: ძალის გაღვიძება”, კინოგაქირავებიდან ფილმის შემოსავალმა გასულ უქმეებზე 10,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.