გუშინ, საფონდო ბირჟებზე სავაჭრო დღის ბოლოს, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის აქციების ფასი 2.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აქციების ფასის ზრდას Morgan Stanley-ს მიერ Apple-ის სამიზნე ფასის პროგნოზის გაზრდას უკავშირებენ.
Apple-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვამ საინვესტიციო ფირმების ყურადღება მიიპყრო, კომპანიის აქციებში ინვესტირება კი ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად დაასახელეს. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების განცხადებით, Apple Intelligence-ი iPhone-ებისა და iPad-ების გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
შეგახსენებთ, Alphabet-ის, Google-ისა და Microsoft-ის OpenAI-ისთვის კონკურენციის გასაწევად, Apple-მა გასულ თვეს საზოგადოებას საკუთარ მოწყობილობებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის შესახებ ამცნო.
მხოლოდ წელს Apple-ის აქციათა ფასი 20%-ითაა გაზრდილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ღირებულება კი $3.62 ტრილიონს შეადგენს.
Apple-ის ახალი ტექნოლოგია მიმოქცევაში არსებული iPhone-ებისა და iPad-ების 8%-თან არის თავსებადი. ანალიტიკოსების მონაცემებით, ამჟამად გამოყენებაში Apple-ის 1.3 მილიარდი სმარტფონია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი ახალი ტექნოლოგიის დამსახურებით, კომპანიის მიერ 500 მილიონი iPhone-ის გაყიდვას პროგნოზირებენ. კვლევითი კომპანია IDC-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 45.2 მილიონი სმარტფონი გაყიდა.
ცნობისათვის, აქამდე Morgan Stanley-ს პროგნოზი მომდევნო ორ წელიწადში Apple-ის მიერ 230 მილიონი სმარტფონის გაყიდვა გახლდათ. ხელოვნური ინტელექტის პროექტის წარდგენის შემდეგ კი პროგნოზი 2-ჯერ გაიზარდა. გაყიდვებთან ერთად $217-დან $273-მდე გაიზარდა სამიზნე პროგნოზირებადი აქციების ფასიც.