ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციის მიზნით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ახალი პროგრამები დააანონსა. არაბული სახელმწიფო მიზნად ისახავს, უცხოური ინვესტიციების სახით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 150 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდოს.
სახელმწიფოს არსებობის 50 წლის თავზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალური პირების განცხადებით, მომდევნო კვირების განმავლობაში 50-მდე ახალი ინიციატივა და პროექტი დაანონსდება. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ ინიციატივათა შორის ახალი მცხოვრებლებისა და ნიჭიერი მუშახელის მოსაზიდად ახალი ვიზების გაცემაც შედის.
მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო განვითარებადი ინდუსტრიის სექტორსა და ტექნოლოგიურ განათლებაში ინვესტირებას ისახავს მიზნად. ახალი ვიზების გაცემის პროცესი ორი სახით იქნება წარმოდგენილი.
პირველი „მწვანე ვიზის“ სახელით იქნება ცნობილი და ის კვალიფიციური ინდივიდებისა და ინვესტორთათვის ბინადრობის სტატუსის გაუმჯობესებასა და გახანგრძლივებას გულისხმობს. რაც შეეხება მეორე სახის, „ფრილანსერების ვიზას“, ის თვითდასაქმებულებს საკუთარი თავის დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, სახელმწიფომ 10-წლიანი „ოქროს ვიზაც“ წარადგინა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ინდივიდებისა და ინვესტორებისათვის.
ვიზაზე ამგვარი ყურადღების გამახვილება შემთხვევითი არ არის. ეს უკანასკნელი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენს, რადგან სახელმწიფოს 10-მილიონიანი მოსახლეობის 90% მიგრანტია. თუმცა საინტერესოა, რომ მიგრანტები სამსახურის გარეშე ყოფნის შემთხვევაში საკუთარ ვიზას კარგავენ.
50 ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შემდეგი კვირების განმავლობაში გახდება ცნობილი.