არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გაბონში სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გაბონში სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს

ცენტრალური აფრიკის სახელმწიფო გაბონში სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს. ქვეყნის არმია საარჩევნო კომისიის მიერ, ზედიზედ მესამე ვადით, ალი ბონგოს პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებს.

სამხედროებმა მიმართვა სატელევიზიო არხ Gabon 24-ის საშუალებით გაავრცელეს და განაცხადეს, რომ გაბონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებს წარმოადგენენ. ჯარისკაცების თქმით, ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია, არჩევნების შედეგები გაუქმებული, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა კი შეჩერებული.

განცხადების გავრცელების შემდეგ,  სროლის ხმა ისმოდა დედაქალაქ ლიბრევილში. თავად პრეზიდენტი ბოლოს საზოგადოებაში შაბათს, კენჭისყრაზე ხმის მიცემისას ნახეს. სამხედროების ინფორმაციით, ბონგო ქვეყნიდან განდევნილია, თუმცა მისი ადგილსამყოფლის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.

ბონგოს ოჯახი ნავთობისა და მანგანუმის მწარმოებელ ქვეყანას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, თითქმის 56 წელია მართავს. რაც შეეხება ალი ბონგოს, ის პრეზიდენტად პირველად 2009 წელს აირჩიეს. ბონგოს მოწინააღმდეგეების განცხადებით, მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, 2.3-მილიონიანი მოსახლეობის მესამედი სიღარიბეში ცხოვრობს. ამბოხებული ჯარისკაცები 26 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მძიმე ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისშია.

ცნობისთვის, წარმატების შემთხვევაში, ეს 2020 წლის შემდეგ, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში რიგით მერვე სამხედრო გადატრიალება იქნება. უკანასკნელი ივლისში ნიგერში მოხდა, მანამდე კი სამხედროებმა ძალაუფლება ხელში მალიში, გვინეაში, ბურკინა-ფასოსა და ჩადში აიღეს.