ამერიკის შეერთებულ შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ კორეამ ტაქტიკური იარაღი გამოცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელისუფლებო მედიასაშუალება, Korean Central News Agency ავრცელებს. ოფიციალური ფხენიანის თქმით, ამ გამოცდის მიზანი შორ მანძილზე სატყორცნი საარტილერიო დანაყოფების სიძლიერისა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის ეფექტიანობის გაზრდა იყო.
აღსანიშნავია, რომ ტაქტიკური იარაღის გამოცდა სამხრეთ კორეის ჯარმაც დაადასტურა – Yonhap News-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე, ბგერის სიჩქარეზე ოთხჯერ უფრო სწრაფი სიჩქარით გაშვებულმა ორმა ჭურვმა 110 კილომეტრი იფრინა. როგორც ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე ჩანს, ცდებში გამოყენებული ტაქტიკური იარაღი KN-23-ს წააგავს, რომელიც თავისთავად, რუსული ისკანდერის-ტიპის ბალისტიკური იარაღის მიხედვითაა შექმნილი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური იარაღის გამოცდაზე თვითგამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა, რის შემდეგაც არაერთი სამხედრო ცდა ჩაატარა. გასულ თვეს, ოფიციალურმა ფხენიანმა ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტურ ტერიტორიამდე მიღწევის პოტენციალის მქონე Hwasong-17-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური იარაღი გამოცადა.