აზერბაიჯანმა მსოფლიო ბანკის მიერ კოვიდ-კრიზისის საპასუხოდ უზრუნველყოფილ სესხზე უარი თქვა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა ინტერესი მსოფლიო ბანკისგან საკრედიტო რესურსების მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა პირობები და პროცედურები აზერბაიჯანული მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები შეწყდა.
„ამ ეტაპზე სესხის აღება დღის წესრიგში აღარ დგას“, – განაცხადა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
როგორც ცნობილია, კოვიდ-პანდემიის საპასუხოდ საჭირო ნაბიჯებისთვის, მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანისთვის $95 მილიონის ოდენობის თანხის გამოყოფას გეგმავდა. ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ სესხის დამტკიცების პროცედურები 6 სექტემბერს იყო დაგეგმილი.
გამოყოფილი თანხა აზერბაიჯანს უნდა დახმარებოდა კოვიდ-პანდემიის შეჩერებაში, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიის სოციალური ეფექტების შემცირებაში. პროექტის განხორციელების ვადად ორი წელი იყო გათვალისწინებული.