Bagana პირველი ქართული სლინგია, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. სლინგი, ანუ ე.წ “კენგურუ” მშობლებისთვის იდეალური საშუალებაა რათა ბავშვთან ერთად ნებისმიერ ადგილას კომფორტულად გადაადგილდეს. კომპანიას Facebook-ზე 43,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და როგორც Bagana-ს თანადამფუძნებელი, თინათინ გახოკიძე გვიყვება, თითოეული მათგანი მისი მომხმარებელი ან გულშემატკივარია. ქართული სლინგის უპირატესობა დამზადების ტექნოლოგია და ფასია. როგორც თინათინი გვიყვება, საქართველოში მსგავსი ხარისხის სლინგი ფაქტობრივად, არ მზადდება. უცხოეთიდან გამოწერა კი ორმაგ ხარჯთანაა დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ დროის ფაქტორზე.
პროდუქტი Shark Tank-ამდე უკვე წარმატებული იყო და მისი მიღება ნებისმიერ მომხმარებელს ახლაც შეუძლია მიტანის სერვისის დახმარებით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. დამფუძნებლებს წარმოების გაზრდა და სამკერვალოს გახსნა სურდათ, შოუში მონაწილეობაც ამიტომ გადაწყვიტეს.
„ჩვენ ძალიან კონკრეტული და გაწერილი გეგმებით მივედით შოუში. გვჭირდებოდა 50 000 ლარი, რომელსაც 30%-იანი წილის სანაცვლოდ ვთმობდით. ბევრი საუბრის და მსჯელობის შემდეგ სასურველ შედეგს მივაღწიეთ და ჩვენი ინვესტორები მენი ბენეში და ქეთი ქვარცხავა გახდნენ. ბევრმა შეიძლება გვკითხოს, თუ რატომ არ ავიღეთ სესხი და რატომ გვინდოდა პროექტში მონაწილეობა. ჩვენთვის მენტორობის კომპონენტი ყველაზე გადამწყვეტი იყო. როგორც კი გადაცემის შემდეგ შევხვდით და გეგმებზე ვისაუბრეთ, Shark-ებმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს და ისეთი დეტალები დაგვანახეს, რომელსაც ვერ ვამჩნევდით. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც“ – ამბობს თინათინი
როგორც ჩანს, ინვესტორების გამოცდილებამ გუნდის წევრებს უკეთესი პერსპექტივა დაანახა და ახლა სამკერვალოს ნაცვლად საკუთარი პროდუქტის სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში განთავსება სურთ, რესურსის მეორე ნაწილი კი მარკეტინგულ კამპანიაში დაიხარჯება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს Bagana-ს შესახებ.
როგორც თინათინი გვიყვება, Bagana-ს ისტორია თავიდანვე გრანტის დახმარებით დაიწყო. ერთ-ერთმა ბელგიურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა მათი დაფინანსება და გარდა ფინანსური რესურსისა, მათი წვლილი პროდუქტის განვითარებაშიც საკმაოდ დიდია. ორგანიზაციის დახმარებით Bagana-ს დამფუძნებლები არაერთ სპეციალისტს და ექიმს შეხვდნენ, რომლებმაც თითოეული დეტალის დახვეწაში მიიღეს მონაწილეობა.
„ბავშვისთვის ჯანმრთელობა და კომფორტი თანაბრად მნიშვნელოვანია. Bagana-ში ყოფნის დროს მისთვის თითოეული მილიმეტრი განსაზღვრულია, რაც ბავშვის სწორ განვითარებას უწყობს ხელს“ – ამბობს თინათინი.
როგორც Bagana-ს დამფუძნებლები გვიყვებიან, მისი წარმოების ფასი საექსპორტო ბაზრებისთვისაც კონკურენტუნარიანია და მომავალში ამ მიმართულებითაც აპირებენ განვითარებას და აქტიურობას.
საინტერესოა, რომ მსგავსი პროდუქტები ამერიკულ Shark Tank-შიც მრავლად იყო, რომლებმაც ინვესტორების დახმარებით გასაოცარ შედეგებს მიაღწიეს. მაგალითად, The Comfy, რომელიც თბილი და კომფორტული მოსაცმელია 2017 წლის შემდეგ მთელს მსოფლიოში წარმატებით იყიდება. ინვესტორმა, Barbara Corcoran-მა კომპანიის 30%-იანი წილი მხოლოდ $50 000-ად იყიდა, კომპანიამ კი საბოლოო ჯამში $150 მილიონი გამოიმუშავა.