ბაიდენმა შესაძლოა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფები დააწესოს

ბაიდენმა შესაძლოა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფები დააწესოს

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა, ქვეყანაში ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შორის ტარიფები დააწესოს. აღნიშნული ინიციატივა აშშ-ის სტრატეგიული სექტორის ეკონომიკურად დაცვას ემსახურება, რათა ადგილობრივ ავტომწარმოებლებს უპირატესობა მიენიჭოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტარიფები შესაძლოა არა მხოლოდ ავტომწარმოებლებს დაუწესდეს და ის შესაძლოა ნახევარგამტარებისა და მზის ენერგიის მოწყობილობების ინდუსტრიებზეც გავრცელდეს.

სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის ინდუსტრიების შესახებ ანგარიში აშშ-ის სავაჭრო ორგანომ თეთრ სახლს რამდენიმე კვირის წინ მიაწოდა. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გაჟღერებულა, რადგან საკითხთან დაკავშირებით შიდაგუნდური დებატები მიმდინარეობდა.

ჯო ბაიდენი ცდილობს, კონკურენტი ტრამპისაგან განსხვავებით, სავაჭრო ურთიერთობებში ნაკლებად ჩაერიოს და ეს მიდგომა მისი დონალ ტრამპისაგან ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ფაქტორად აქციოს. ცნობისათვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადგილობრივი კომპანიების „დასაცავად“ მკაცრი ტარიფების შემოღების მომხრე იყო.

საბაზრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებას შესაძლოა ჩინეთისგან საპასუხო ზომები მოჰყვეს. მსგავს მდგომარეობაში აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები 2017-2021 წლებში იყო, როდესაც დონალდ ტრამპმა ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა. ჯო ბაიდენის განცხადებით, მას არ სურს ჩინეთთან სავაჭრო ომში ჩართვა.

2022 წელს ბაიდენმა ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გადახედვა დააანონსა. თუმცა გასულ თვეს ჩინური მეტალის პროდუქტებზე, ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების დაწესება კვლავ მოუწია.