ზაფხულის ბლოკბასტერი, „ბარბი“, შიდა გაქირავებაში Warner Bros-ის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. შედეგად, გრეტა გერვინგის რეჟისორობით გადაღებულმა კინოსურათმა, რომელიც უკვე მეოთხე კვირაა, რაც სალაროების რეკორდების მოხსნას აგრძელებს, კრისტოფერ ნოლანის „ბნელ რაინდს“ გადაასწრო.
ოთხშაბათის მონაცემებით, „ბარბიმ“ შიდა სალაროებში $537.4 მილიონი გამოიმუშავა და ნოლანის 2008 წლის ფილმის რეკორდიც გააუმჯობესა, რომელიც $533.7 მილიონს შეადგენდა. მონაცემებს თავად კინოსტუდია ავრცელებს.
„ბარბისა“ და „ბნელი რაინდის“ გარდა, Warner Bros-ის ყველაზე შემოსავლიან შიდა რელიზებს შორის ხვდება „შავი რაინდის აღზევება“ ($448.1 მილიონი), „ქალი-საოცრება“ ($412.6 მილიონი) და „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2“ ($381.2 მილიონი).
მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში „ბარბი“ წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმიც გახდება და ვიდეოთამაშით ინსპირირებულ სუპერ მარიოს ფილმის შემოსავალსაც გადააჭარბებს. „სუპერ მარიო ძმების ფილმი“ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა და გლობალურად სალაროებში $1.3 მილიარდი გამოიმუშავა.
რაც შეეხება „ბარბის“, Box Office Mojo-ს მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით ფილმის შემოსავალმა $1.19 მილიარდს მიაღწია.
ცნობისთვის, „ბარბის“ წყალობით გრეტა გერვინგი პირველი რეჟისორი ქალი გახდა, რომლის ნამუშევარმაც სალაროებში $1 მილიარდს გადააჭარბა. გარდა ამისა, მხოლოდ გახსნის დღეს, 21 ივლისს, კინონამუშევარმა $70.5 მილიონი გამოიმუშავა და მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერის სტატუსს დაეუფლა.