დრონების მწარმოებელი თურქული სამხედრო-სამრეწველო კომპანიის, Baykar-ის უახლესმა საბრძოლო დრონმა, Bayraktar Akinci-მ პირველი სატესტო ფრენა წარმატებით განახორციელა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, დამრტყმელი დრონის ეს ვერსია უფრო ახალი და გამძლე ძრავებითაა აღჭურვილი. Baykar-ის განმარტებით, Akinci ორი, 850-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი.
„Bayraktar #AKINCI ცაში ახალი სიმძლავრით აფრინდა!“ – აცხადებს კომპანია X-ის ანგარიშზე.
კომპანიის განმარტებით, ძრავების ჯამური სიმძლავრე Bayraktar Akinci-ს დღეს საკუთარ კლასში ყველაზე ეფექტიან და ბრძოლისუნარიან დრონად აქცევს. ცნობისათვის, აღნიშნული დამრტყმელი დრონის პირველ და მეორე, A-B ვარიანტებს 450 და 750-ცხენისძალიანი ძრავები ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ჯამური სიმძლავრე 900 და 1500 ცხენის ძალა იყო.
თურქული სამხედრო კონტრაქტორის განცხადებით, სატესტო ფრენისას ინჟინრებმა წარმატებით გამოსცადეს საფრენი აპარატის აეროდინამიკის პარამეტრებიც.
Bayraktar Akinci თურქეთმა შეიარაღებაში პირველად 2021 წელს მიიღო და ის ქვეყნის დრონების საჰაერო ფლოტში ყველაზე მაღალტექნოლოგიური და განვითარებული უპილოტო საფრენი აპარატია. ჯამში Akinci-ს დრონებს ცაში 40,000 საათი აქვთ გატარებული.
Bayraktar Akinci, TB-2-ის მსგავსად, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ექსპორტი თურქეთის საუდის არაბეთთან ისტორიული სამხედრო შეთანხმების ნაწილიც გახლავთ. ჯამში Bayraktar Akinci-ს საექსპორტო ხელშეკრულება თურქეთს 9 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. Bayraktar TB2-ის ექსპორტი კი ამჟამად 33 ქვეყანაში ხორციელდება.
Baykar-ი თურქეთიდან შეიარაღების უმსხვილესი ექსპორტიორია. ჯამში გასულ წელს ქვეყნიდან $5.5 მილიარდის შეიარაღება გაიყიდა, $1.8 მილიარდი კი სწორედ Baykar-ზე მოდის.