ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაური, ფუად შუქრი ემსხვერპლა. ლიბანის დედაქალაქში „ჰეზბოლას“ მეთაურის ლიკვიდაციას ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობაც ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე „ჰეზბოლას“ სარაკეტო შეტევა სწორედ ფუად შუქრის დაგეგმილი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურზე სარაკეტო თავდასხმა ქალაქ მაჯდალ-შამსში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მოკლული 12 ბავშვის გამო შურისძიებაა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფუად შუქრი ისრაელის სარაკეტო თავდასხმას გადაურჩა, თუმცა მისი ლიკვიდაცია რამდენიმე საათში დადასტურდა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გოლანის მაღლობზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე „ჰეზბოლას“ პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დენიელ ჰაგარი „ჰეზბოლას“ ტყუილში ადანაშაულებდა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში თეირანში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩასული „ჰამასის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ისმაილ ჰანიაც სარაკეტო თავდასხმით მოკლეს.
ფუად შუქრი „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ორგანიზაციის მაღალი რანგის მეთაური იყო. სწორედ მისი დაგეგმილი და განხორციელებულია 1982 წლის ტერორისტული თავდასხმა ბარაკებზე ბეირუთში, რასაც 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფუად შუქრის „ჰეზბოლას“ სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელად მიიჩნევდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ფუად შუქრიზე სარაკეტო იერიში ბეირუთში დაჰიას რაიონში მის საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ფუად შუქრი იერიშის შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.