ბელადი გზაზე ბრუნდება

ბელადი გზაზე ბრუნდება

Bowlus-ის ბუმბულივით მსუბუქი, უმაგრესი, კლასიკური ტრეილერი 80 წლის შემდეგ კვლავ მიგორავს გზაზე – მამისა და ქალიშვილის ენერგიის წყალობით.

Wharton-ის ეკონომიკის ბაკალავრისა და University of Monaco-ს ფინანსების მაგისტრის ხარისხების მოპოვების შემდეგ ჯინივა ლონგმა თავისი ანტრეპრენიორული ახირება აღმოაჩინა – ის მივიწყებული ბრენდების განახლებასა და ბაზარზე მათ თავიდან გატანაზე ოცნებობდა. „მთელი ბავშვობა თვალს ვადევნებდი, როგორი გატაცებით ქმნიდნენ ჩემი მშობლები თავიანთ კომპანიას, – ამბობს 25 წლის ლონგი. – რყევებისა და შეცდომების მიუხედავად, მათ შემხედვარეს, მუშაობა ყველაზე დიდ გასართობად მეჩვენებოდა“.

ოციოდე წლით ადრე მისი მშობლები, ჯონ ლონგი და ჰელენა მიტჩელი, ინტერნეტბანკინგის სისტემების პიონერები გახლდნენ. „ჰელენამ და მე Quadravision-ი 1999 წელს, მასზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ, გავყიდეთ. ამ დროისთვის უკვე 400-მდე თანამშრომელი გვყავდა და ამერიკულ, კანადურ და ევროპულ ფინანსურ დაწესებულებებს ინტერნეტის პრობლემების გადაჭრაში ვეხმარებოდით“, – გვიხსნის ჯონ ლონგი.

ნაადრევი პენსიის პირველი წლები 1935 წლის Bowlus Road Chief-ის სამოგზაურო ტრეილერის შეკეთებას დაუთმო; ეს ტრეილერი თავის 1937 წლის ვინტაჟურ Tatra-ზე უნდა გამოება, რომელიც 2011 წელს Pebble Beach Concours d’Elegance-ში წარადგინა. „Palm Springs Modernism Show-სა და 2010 წლის SXSW-სგან დადებითი შეფასების მიღებამ ბრენდის გაახალგაზრდავება გადამაწყვეტინა“, – ამბობს ის.

„Bowlus Road Chief-ი, როგორც სასაქონლო ნიშანი, რეალურად, ნამდვილი ზომბი იყო, – ამბობს ჯინივა. – რეგისტრირებული არასდროს ყოფილა, მას არც სხვა მხარე დაჰპატრონებია ოდესმე. მისი მოპოვება უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“.

ჰოლი ბოლუსმა ტრეილერზე მუშაობა ჩარლზ ლინდბერგის Spirit of St. Louis-ის შექმნის შემდეგ დაიწყო. Bowlus Road Chief-ი დროს 80 წლით უსწრებდა. პლანერებისა და მსუბუქი თვითმფრინავების მსოფლიოში წამყვანი დიზაინერი, ბოლუსი, Learjet-ის თავდაპირველ განვითარებაზეც მუშაობდა. თვითმფრინავებისა და სარბოლო ავტომობილების ინჟინერიისა და დიზაინის პრინციპები ტრეილერშიც დანერგა: მსუბუქი წონა, სიმძიმის დაბალი ცენტრი, სტაბილური აეროდინამიკა და არც ერთი გამოუყენებელი სანტიმეტრი. თავდაპირველი Bowlus-ი ეფექტიანი შეფუთვისა და Streamline Moderne-დიზაინის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. Airstream-ის ეს სახასიათო ტრეილერი არსებობას Road Chief-ს უნდა უმადლოდეს (Airstream-ი Bowlus-ის ყოფილმა მარკეტოლოგმა, უოლი ბიამმა დააარსა). ორიგინალი Road Chief-ები ჯერ კიდევ ფასობენ: 2011 წელს, Gooding & Co. Scottsdale-ის აუქციონზე, 1935 წლის Bowlus-ი $187,000-ად გაიყიდა.

ლონგებმა Bowlus-ის ბრენდი ჩვენს საუკუნეს 2014 წელს დაუბრუნეს. ათი Road Chief-ი ბაზარზე შარშან გამოჩნდა, მალე კიდევ 25 ცალი შეიქმნება. ფულადი ანაბრები უკვე ბანკშია. ფასი $115,000-იდან, უფრო მარტივი 3-ადგილიანი Heritage Edition-ით, იწყება და $140,000-ით, 4-ადგილიანი Open Road Edition-ით, მთავრდება. ამ უკანასკნელის სახურავსა და პანელზე არყის ხის გულს ნეკერჩხლის შპონი ფარავს. ლონგები ამ მოდელის ფერებისა და სპეციალური აღჭურვილობის ფართო არჩევანს სთავაზობენ მყიდველს.

„ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობენ და ერთობიან ადამიანები დღეს, – ამბობს ჯონი. – სწორედ ამიტომ, კლიენტებს ვთავაზობთ ტაბლეტისა და ლეპტოპების დამტენებს და მობილურის სიგნალის გამაძლიერებლებს, რომ სამუშაოს არ ჩამორჩნენ და ყველაფერი მარტივად გადმოქაჩონ. მზის პანელის სქემები მარტივი შენახვის შესაძლებლობითა და გამძლე AGM-ბატარეებით სწორედ იმიტომ დავამატეთ, რომ მგზავრები წავიდნენ, სადაც უნდათ და როგორც უნდათ. გვინდა, მომხმარებელმა ოცნებებს მინიმალური სირთულეებით მისდიოს.

„ვინტაჟური Road Chief-ი ჩვენი სტილის სიმბოლო და ჩვენი დიზაინის დნმ გახდა“ – აგრძელებს ის. – მართალია, ახალი Road Chief-ი 24 ფუტამდე გავამაღლეთ, 80 ინჩამდე გავაგანიერეთ და შიდა სიმაღლე 6 ფუტამდე და 4 ინჩამდე გავზარდეთ, მაგრამ თავდაპირველი თვითმფრინავის ხარისხის 2024-T3 ალუმინი და საავიაციო მოქლონები შევუნარჩუნეთ. შედეგად, გამძლე მსუბუქი მონოკოკის [ფრანგულად „ერთ კორპუსს“ ნიშნავს] სტრუქტურა მივიღეთ, რომელიც თვითმფრინავის ფრთას ან ფიუზელაჟს ენათესავება”.

საერთო ჯამში, ბუმბულივით მსუბუქი Road Chief-ი 2,300 ფუნტს ძლივს აღწევს, რაც იმავე სიგრძის ტრეილერების წონის ნახევარია. უმაღლესი აეროდინამიკისა და დაბალი სიმძიმის ცენტრის გამო, მისი მიბმა ნებისმიერ ჯიპს, კროსოვერსა და ზოგ ძვირად ღირებულ სედანსაც შეუძლია. ჯონის თქმით, „ეს განსაკუთრებით მათთვისაა მიმზიდველი, ვისაც ტრეილერისთვის ახალი ავტომობილის შეძენა არ უნდა“.

ჯინივა, მაგალითად, თავის Road Chief-ს 2011 წლის V6-ძრავიანი Porsche Panamera-თი ატარებს, ჰელენი კი თავისი საყვარელი Saab კაბრიოლეტით.

ტეხასელი კარდიოქირურგი, სტეიტონ აუტრი და მისი მეუღლე, ბლაითი, ასევე Bowlus-ის მომხმარებლები არიან. თავიანთი 27-ფუტიანი Airstream-ი და მისი მისაბმელი ავტომობილი Mercedes-ის ჯიპსა და Road Chief-ში გაცვალეს. ბლაითი და სტეიტონი თავიანთ მოგზაურობას დეტალურად აღწერენ, რათა წყვილის ხუთი წლის ქალიშვილმა, ლილიანმა მარშრუტი ერთ მშვენიერ დღეს თავის შვილებთან ერთად იმავე Road Chief-ით (მას სტეიტონმა „მოგზაურობის სული“ უწოდა, რადგან ის ლილიანის საყვარელი ფილმის, „მფრინავი სახლის“, საჰაერო ხომალდს ჰგავს) გაიმეოროს.

„Bowlus Road Chief-ი ფანტაზიას გვიღვიძებს, – ამბობს ჯონ ლონგი. – მისი მართვისას ადამიანებმა არ იციან, რა მოხდება შემდეგ“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *