28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე უარს ამბობს. კობახიძემ გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები სახელმწიფოსთვის გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ.
ამავე დღეს, პრემიერ-მინისტრის განცხადებას თბილისში აქციების ახალი ტალღა მოჰყვა, რაც არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს დაერთო. საპოლიციო დანაყოფებმა დემონსტრანტები არაერთხელ დაარბიეს, რის შედეგადაც აქციის მონაწილეებთან ერთად, მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება გააპროტესტა და აქციის მონაწილეების დარბევა დაგმო ქართული ბიზნესსექტორის კომპანიების ნაწილმა.
თიბისის განცხადება
“თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
#ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის“.
საქართველოს ბანკის განცხადება
“საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს.
ევროპისკენ მიმავალ გზაზე – არ გაჩერდე!”
აჭარა ჯგუფის განცხადება
“საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რაც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების იდეალებს. ეს ღირებულებები ჩვენი ისტორიის ნაწილია.
ქართველი ხალხი და ქართული ბიზნესი ბუნებრივად იზიარებს ამ ფასეულობებს. ევროპასთან სიახლოვე არის ჩვენი სტაბილურობის და განვითარების ერთადერთი გზა. ჩვენ მტკიცედ ვემხრობით საქართველოს ევროინტეგრაციას და ვგმობთ ძალადობას!”
თეგეტა ჰოლდინგის განცხადება
“თეგეტა ჰოლდინგში, უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან დავინახოთ.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა აზიანებს უპირველესად ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის განვითარებასა და იმ საერთო მიზნებს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დავისახეთ.
ასევე, მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. თითოეული ქართველის მოვალეობაა, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველა ჩვენგანის ინტერესშია, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დასავლური სამყარო უხსნის ჩვენს ქვეყანას.
წინ და წინ, ევროპისკენ!”
ჯიპიაი ჰოლდინგის განცხადება
სილქ როუდ ჯგუფის განცხადება
“სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას.
არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“.
მაგთიკომის განცხადება
“მაგთიკომი კატეგორიულად გმობს საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული.
ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!”
ალტას განცხადება
“საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული არჩევანია! ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს. #ძალაევროპაშია”
ევროპროდუქტის განცხადება
“ევროპროდუქტისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს! ეს კომპანიის დასახელებაშივეა ასახული.
სწორედ ევროპაა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი!
ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარეს!
წინ ევროპისკენ!”
ჯი-თი გრუპის განცხადება
კლინიკა კურაციოს განცხადება
“კლინიკა კურაციოს თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას.
ვიზიარებთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოვლენების სულისკვეთებას. ვგმობთ ძალადობას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვების, ჟურნალისტების, ექიმების წინააღმდეგ.
კლინიკა კურაციო მზად არის უსასყიდლოდ ჩაუტაროს სამედიცინო მომსახურება აქციებზე დაზარალებულ ჩვენს თანამემამულეებს..
საქართველოს მომავალი ევროპაშია!”
პინეო სამედიცინო ეკოსისტემის თანამშრომლების განცხადება
“ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი წლებია ვდგავართ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩვენ მიერ გადარჩენილია უამრავი სიცოცხლე, რაშიც გვეხმარება ევროპული განათლება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ. ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების დახმარებას უახლესი მეთოდებით და მათ საბოლოო გამოჯანმრთელებას.
მივიჩნევთ, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის“.
საქართველოს უნივერსიტეტის განცხადება
“”არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო…”
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას.
გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“.
GIPA-ს განცხადება
ათასწლეულის სკოლის განცხადება
“ახლა ყველაფრის ხმამაღლა თქმის დროა!
ათასწლეულის სკოლაში დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი პოლიტიკური მოვლენებით, ევროპაში ინტეგრაციაზე არას თქმით, არას ვეუბნებით მოსწავლეებს, ჰქონდეთ თავისუფალი მომავალი, სადაც შეძლებენ საკუთარი ინდივიდუალიზმის, მისწრაფების გამოხატვას და არას ვეუბნებით მათ მომავალს.
და თუ მოსწავლეების მომავალი ეჭვქვეშ დგება, მაშინ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაც აზრს კარგავს!”
ნიუტონის თავისუფალი სკოლის განცხადება
“ნიუტონის თავისუფალი სკოლა გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს!
ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას.
თავისუფლება უპირველეს ყოვლისა!”
მწვანე სკოლის განცხადება
“ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლა ერთგული რჩება საქართველოს კონსტიტუციის და უერთდება არსებულ წინააღმდეგობის მოძრაობას.
მივიჩნევთ, რომ ქვეყნის პროგრესისთვის განათლების ევროპული გზა და ღირებულებები შეუცვლელია.
მხარს ვუჭერთ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ცხადად აფიქსირებს საკუთარ აზრს ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ბრძოლის გზაზე.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სასწავლო პროცესი, რათა დავიცვათ მოქალაქის ფუნდამენტური პრინციპი – ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება.
ასევე, ჩვენი კარი ღია რჩება სკოლაში მოსვლის მსურველი ყველა მოსწავლისთვის“.
საერთაშორისო აკადემია ლოგოსის განცხადება
“ჩვენი სკოლა ყოველთვის იდგა პროგრესის, თავისუფლებისა და ერთობის მხარეს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ლოგოსში გვაერთიანებს!
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი მოსწავლეების, თანამშრომლების, მშობლებისა და ყველა მოქალაქის უფლებას, იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც მათი ფუნდამენტური უფლებები დაცულია. ამიტომ, ვგმობთ ძალადობას და ვუჭერთ მხარს მშვიდობიან პროტესტს, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ.
დაფუძნების დღიდან, ლოგოსის უმთავრესი მიზანია, აღზარდოს საკუთარი შესაძლებლობების გააზრების, თვითშემეცნებისა და თვითრეალიზების უნარების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მომზადებულნი იქნებიან საერთაშორისო დონეზე კარიერის გასაგრძელებლად. ჩვენი მოსწავლეების სრული უმრავლესობა ირიცხება საქართველოს, ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. ბევრი მათგანი ბრუნდება სამშობლოში და წვლილი შეაქვს ქვეყნის საჯარო თუ კერძო სექტორების განვითარებაში. ბევრი კი დასაქმებულია საერთაშორისო ორგანიზაციებში და გლობალური მნიშვნელობის მქონე ცვლილებებს ემსახურება.
ლოგოსს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა სწორედ ქართული და დასავლური ღირებულებისა და გამოცდილების ინტეგრაციას უნდა დაეყრდნოს. გვჯერა, რომ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად და არასდროს გადავუხვიოთ ევროინტეგრაციის კურსს“.
ევროპული სკოლის განცხადება
“”ევროპული სკოლა” დაარსების დღიდან ემსახურებოდა მიზანს, მოსწავლეებისთვის შეეთავაზებინა “ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ახალი გზა ევროპისკენ”. ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, ვითარდებიან და აქვთ სწრაფვა სწორედ ევროპული ღირებულებებისკენ.
თავისუფლება, თანასწორობა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანობა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მამოძრავებელი და ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებისეული პრინციპებია. ამ სულისკვეთებით არაერთი თაობა აღვზარდეთ. დღეს ისინი საზოგადოების ლიდერები არიან და ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ძალა.
“ევროპული სკოლა” არის თავისი მიზნის ერთგული და დღეს, როგორც არასდროს, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს!”
Golden Tulip Design Tbilisi-ის განცხადება
“საქართველოს მომავალი ახლა წყდება!
დაუშვებელია ძალადობის ფორმები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეების მიმართ ხორციელდება. ვაფიქსირებთ ჩვენს მტკიცე პოზიციას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს.
წინ ევროპისკენ! საქართველო გაიმარჯვებს!”
პროკრედიტ ბანკი საქართველოს განცხადება
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვხატოთ პროკრედიტ ბანკის პოზიცია.
ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მისი დამოუკიდებლობის დღიდან და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამავე დროს, მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.
პროკრედიტ ბანკი გერმანიაში დაარსებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში უკვე 25 წელია ოპერირებს და თავიდანვე აქტიურად არის ჩართული ქართული ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაში.
ჩვენი ევროპული ღირებულებები მუდმივ თანხვედრაშია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან“.
BDO Georgia-ს განცხადება
“მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. საქართველოს სვლა ევროპისკენ, რომელიც რეალური გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გასულ დეკემბერში, არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება, რისთვისაც ის მთელი არსებობის განმავლობაში იბრძვის ევროპასთან ნამდვილი, ორგანული კავშირის უზრუნველსაყოფად, რომელიც გამოხატულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით”.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. დაუცველ პირებზე თავდასხმა, მათი დევნა, ცემა და სისასტიკე, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიისკენ.
VELI.store-ის განცხადება
“თავისუფლებისთვის ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით თქვენ გვერდით“.
Leavingstone-ის განცხადება
“გულწრფელი მადლობა და უდიდესი სიამაყე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი თანამშრომლების, კოლეგებისა და მეგობარი ფრილანსერებისადმი, ვინც რუსთაველზე დგას და ქვეყნის მომავალს იცავს დასახიჩრების და დაკავების რისკის ფასად.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია არსებული რეჟიმის ქმედებები.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სადამსჯელო ნადირობა მშვიდობიან ხალხზე, დაისაჯონ დამნაშავეები და გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებულნი; ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები; ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას.
საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!
ჩვენი მომავალი ევროპაშია!”
სიემსის განცხადება
SPAR Georgia-ს განცხადება
“SPAR Georgia, როგორც საერთაშორისო ბრენდის ნაწილი, სრულად ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს და ჩვენი ერის სწრაფვას, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეპიცენტრში მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს გამოჩენილი სიმამაცისა და პროფესიონალიზმისთვის, აგრეთვე, აქციის მონაწილეებს, რომლებიც მშვიდობიანად აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი გზა ევროპაშია!
სიყვარულით და პასუხისმგებლობით თქვენს სამსახურში!”
გასტრონომის განცხადება
“გასტრონომ ჯგუფი დაარსების დღიდან დგას ევროპულ ღირებულებებზე.
ჩვენი გუნდის თითოეული წევრის სახელით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს!
კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ ძალადობას!”
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტის განცხადება
“ჩვენ, როგორც მიმდინარე ლეგიტიმური და სამართლიანი პროტესტის მონაწილეები, ვგმობთ ძალადობას ქართველ ხალხზე და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულსა და დაპატიმრებულს, რომელთა შორის მრავლად არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და თანამშრომლები.
დარწმუნებული ვართ, რომ ბრძოლა გამოიღებს თავის შედეგს და დავიბრუნებთ ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალს“.
კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში დაეხმარება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს, ლექტორებსა და თანამშრომლებს ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.
პულსის განცხადება
“კომპანია პულსი გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებასა და ეროვნული, კონსტიტუციური ღირებულებების შელახვას!
ჩვენ ვართ და ვიქნებით ევროპული საქართველოს გულშემატკივარი!”
ბალანსის განცხადება
“ბალანსის გუნდისთვის მიუღებელია მთავრობის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს, რომელიც განმტკიცებულია კონსტიტუციის 78 მუხლით, ალტერნატივა არ გააჩნია.
ასევე, კატეგორიულად ვგმობთ სასტიკ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. საზოგადოებაში, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიისა და განვითარებისკენ, ძალადობის ადგილი არ არის“.
PMCG-ის განცხადება
“საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ამოიღოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, წარმოადგენს ყოვლად მიუღებელ და პროვოკაციულ ნაბიჯს. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს პოზიციებს როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით და ქვეყანას იზოლაციის წინაშე აყენებს.
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხანგრძლივი და მტკიცე მხარდაჭერა აუცილებელია საქართველოს პროგრესისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მათთან დიალოგი და თანამშრომლობა უნდა ხორციელდებოდეს უწყვეტად, ყველა შესაძლო არხით.
ვუერთდებით პროტესტს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სრულად გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, აღკვეთოს ძალადობა მომიტინგეებზე, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მიუღებლობა და უზრუნველყოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა ყველა შესაძლო მექანიზმით.
საქართველოს ევროპული პერსპექტივა უალტერნატივოა, და ამ გზის გაგრძელება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ხალხის არჩევანის უპირობო აღსრულებას წარმოადგენს“.
GEC Consulting-ის განცხადება
“მიუღებელია მთავრობის გადაწყვეტილება, გადადოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. ეს ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ისტორიულ ნებასთან და კონსტიტუციით გარანტირებულ ევროპულ არჩევანთან.
ევროპისკენ სვლა ჩვენი ერის ფუნდამენტური მისწრაფებაა და მისი დათმობა დაუშვებელია. ასევე მიუღებელია ძალადობა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ. ყველამ, ვინც საკუთარი აზრის გამოხატვისთვის ბრძოლას აგრძელებს, იცის, რომ მათი ხმა ქვეყნის მომავალს ქმნის.
ჩვენი ევროპული პერსპექტივა უალტერნატივოა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ პასუხისმგებლობით მიუდგეს შექმნილ ვითარებას, აღკვეთოს ძალადობა, პატივი სცეს განსხვავებულ აზრს და უზრუნველყოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა.
საქართველოს პროგრესისთვის აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი მუშაობა“.
ზედაზენის განცხადება
“საქართველოს სვლა ევროპისკენ ქართველი ხალხის ისტორიული ნებაა, რომელიც გამოხატულია ქვეყნის კონსტიტუციაში, შესაბამისად, მას უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლება.
მკაცრად ვგმობთ მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობასა და სისასტიკის გამოვლენას. ცემა, სახლებში შევარდნა, მასობრივი დაკავებები, განსხვავებული აზრის დევნა – კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიის მშენებელი საზოგადოებისათვის.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!”
IT სფეროს წარმომადგენლების განცხადება
“ჩვენ, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროს წევრები, ვართ უახლესი პროგრესის შედეგად შექმნილი პროფესიის წარმომადგენლები და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა.
ვგმობთ:
- აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ გადამეტებული ძალას, უკანონო დაკავებებს;
- დაშინებებსა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც განხორციელებულია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.
მიგვაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ჩვენი თანამოქალაქენი და საქართველოს მოქალაქეებს მოგვეცეს საშუალება, დემოკრატიული გზით, ხელმისაწვდომობისა და ფარულობის უზრუნველყოფით, ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე, ავირჩიოთ ჩვენი მომავალი.
საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვჯერა, აუცილებლად იქნება ევროპულ სახელმწიფოთა კავშირის თანასწორუფლებიანი წევრი”.
არქის CEO-ს, შიო ხეცურიანის განცხადება
არ შეიძლება და არაფერში არ ჯდება ადამიანების მიმართ ასეთი ანგარიშსწორება!!!
Setanta Sports Georgia-ს განცხადება
Europop-ის განცხადება
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ბუნებრივია, ჩვეულ რეჟიმში ვეღარ ვიმუშავებთ.
მიგვაჩნია, რომ ამ რეალობაში სპორტის ამბების გაშუქება ადეკვატური არ არის და მორალურად, ფიზიკურადაც, შეუძლებელია.
ვგმობთ ძალადობას! საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია.
ნაბეღლავის განცხადება
“სს “წყალი მარგებელი” უკვე 27-წლიან ისტორიას ითვლის და დაარსების დღიდან იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ ეროვნულ ინდუსტრიაში დასავლური კულტურის დამკვიდრების კუთხით.
დღეს ის წარმოადგენს ქართულ-ევროპული ერთობლივი ბიზნესის წარმატებულ ნიმუშს. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით.
ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის! მტკიცედ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგულნი!”
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის განცხადება
ნ. ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრი და მისი პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა.
Innova Medical Center-ის განცხადება
“კლინიკა ინოვა და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“.
ნოვას განცხადება
“საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა 1991 წლიდან დაიწყო, იმ დროიდან, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1991 წლიდან ქართველი ხალხი ცდილობს დაიცვას სწორედ ის ღირებულება, რომელიც ამ სიტყვებშია გადმოცემული: “მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი”
ჩვენ მრავალი წელია ევროპული სტანდარტებითა და ინვესტიციებით ვქმნით ქართულ პროდუქტს, სწორედ ეს ღირებულებები გვაერთიანებს ნოვას 1,000-ზე მეტ თანამშრომელს, სწორედ ეს ღირებულებები ქმნის კომპანია ნოვას.
ვგმობთ ძალადობას, გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა!
Wishlist-ის განცხადება
“🇪🇺🇬🇪 სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
🇪🇺🇬🇪 ჩვენმა კომპანიამ დაარსების დღიდან აირჩია ევროპული გზა და ჩვენი ძირითადი პარტნიორები სწორად ევროპისა და ამერიკის წამყვანი ბრენდები არიან.
🇪🇺🇬🇪 ჩვენ ყოველთვის ვიდექით ხალხის მხარეს და სწორი აზრის მხარეს და ეს ჩვენს 2022 წლის შემდგომ აქტივობებშიც ძალიან ნათლად ჩანს, მესიჯებით “უთხარი არა რუსულ პროდუქციას და გამოიჩინე შენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა”. 2 წლის წინ რუსულ ხის საწოლებზე უარის თქმით, კომპანიამ შეგნებულად დაკარგა უზარმაზარი რეალიზაცია და ჩვენ დღემდე ვამაყობთ ამ გადაწყვეტილებით.
სამწუხაროა, რომ ჩვენი კონკურენტებიც არ შემოუერთდენენ ამ გადაწყვეტილებას და ბევრ სავაჭრო სახლში, ონლაინ საიტებზე და ბრენდულ მაღაზიებშიც აქტიურად იყიდება რუსული ხის ნაწარმი“.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის განცხადება
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა.
Stream-ის განცხადება
“STREAM-ის გუნდი გამოვხატავთ მტკიცე პოზიციას საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ!
ვგმობთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას!
ვგმობთ მოქალაქეთა სამართლიანი პროცესის და მოთხოვნების მიმართ აგრესიას და მათ უგულებელყოფას!
კატეგორიულად ვგმობთ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!
ვუერთდებით საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნას დაინიშნოს ახალი არჩევნები, რათა საქართველოს ახალმა, სამართლიანად არჩეულმა ხელისუფლებამ შეძლოს ქვეყნის ისტორიული განვითარების გაგრძელება კონსტიტუციის ყველა მუხლის დაცვით!”
Jobs.ge-ის განცხადება
Jobs.ge უერთდება ნიკა გილაურის წამოწყებას და 10,000 ლარს რიცხავს სოლიდარობის ფონდში: https://www.prosperitygeorgia.org/
“საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიანობას და შეუპოვრობას, რომლის საუკეთესო მაგალითს ყოველდღიურად გვაძლევენ სხვადასხვა ქალაქებში შეკრებილი ჩვენი თანამოქალაქეები. ღრმად გვწამს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, შევიტანოთ წვლილი საერთო საქმეში იმ სახით, რა სახითაც შეგვიძლია. აუცილებლად მიგვაჩნია დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა, ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მარტო არ დავტოვებთ. თანხა მოხმარდება მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას, ჯარიმების გადახდას და სხვა ფინანსური სახის მხარდაჭერას.
აქვე მოვუწოდებთ ჩვენს კლიენტებს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთად დავუდგეთ მხარში ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გახდნენ უსამართლო დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი.
ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!”
Making Science Sweeft-ის თანამშრომლების განცხადება
Making Science Sweeft-ის თანამშრომლები ქვეყანაში განვითარებული უკიდურესად მძიმე მოვლენების გამო საჭიროდ ვთვლით ჩვენი პროტესტი სამსახურიდან გაფიცვითაც გამოვხატოთ. ვუერთდებით სახალხო პროტესტს ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და ქვეყნის დასავლურ კურსზე დაბრუნების მოთხოვნით.
გაფიცვას კომპანიის 63 თანამშრომელი უერთდება.
სია განახლებადია..