წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. ბლინკენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს „პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდან“ გადმოწერილი უწოდა და საპასუხო ქმედებებიც დააანონსა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები საპასუხო ქმედებებზე საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსული სტილის კანონის ხელახლა ინიციირების შემდეგ მსჯელობს. გამოსვლისას ბლინკენმა მასშტაბურ საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში „რუსული კანონის“ განხილვებს მოჰყვა.
„შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც საქართველოში მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ის პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილს.
ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, განვიხილავთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამის წინააღმდეგ და აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ბლინკენმა გამოსვლისას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირიც აკვირდება. და სავარაუდოდ, კანონის მიღებას ბლოკში საქართველოს გაწევრიანების საკითხზეც ექნება გავლენა.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს დაამტკიცა. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 30. კანონს ვეტო უკვე დაადო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მის დასაძლევად საკმარისი ხმები გააჩნია.