სი ძინპინმა ცენტრალური აზიის „დიდი განვითარების გეგმა“ წარადგინა

სი ძინპინმა ცენტრალური აზიის „დიდი განვითარების გეგმა“ წარადგინა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის სამიტზე ცენტრალური აზიის რეგიონის „დიდი განვითარების გეგმა“ წარადგინა. ყოვლისმომცველ გეგმაში ყველა მნიშვნელოვანი ასპექტია განხილული – ინფრასტრუქტურული საკითხებით დაწყებული, სავაჭრო კავშირების განმტკიცებით დამთავრებული. აღნიშნული გეგმის წარდგენა რეგიონში ლიდერის როლის მორგებისათვის სი ძინპინის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ ცენტრალური აზიის რეგიონი, ტრადიციულად, რუსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა.

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში გამართულ სამიტზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთისთვის განვითარების სტრატეგიების კოორდინირებისათვის და იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მათ საყოველთაო მოდერნიზაციას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ცენტრალურ აზიაზე ფოკუსის შემცირებისა და აშშ-ის მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ ჩინეთი ცდილობს, რეგიონში მთავარი მოთამაშის ფუნქცია იკისროს და საკუთარი პოლიტიკური გავლენები გაზარდოს. ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგში ცენტრალური აზიის რესურსებით მდიდარი სახელმწიფოების საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევა ჩინეთის ერთ-ერთი უმთავრესი ინტერესია.

გამართული სავაჭრო კორიდორების ქსელის მქონე ხუთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ჩინეთს სხვა არეალებში წარმოქმნილი შეფერხებების დროს საწვავისა და სურსათის ტრანსპორტირებისათვის ალტერნატიულ გზებს სთავაზობს.

საინტერესოა, რომ ჩინეთ-ცენტრალური აზიის სამიტი იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტის პარალელურად გაიმართა. შესაბამისად, ჩინეთმა G7-ის სახელმწიფოებს ამით ახალი ალიანსების შექმნის შესახებ მკაფიო მესიჯი გაუგზავნა.