ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის ომში თავისი სამხედროების მონაწილეობა პირველად დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის ომში თავისი სამხედროების მონაწილეობა პირველად დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით, პირველად, უკრაინის ომში რუსეთის მხარდასაჭერად თავისი სამხედროების გაგზავნა დაადასტურა. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სამხედრო კომისიის ცნობით, ქვეყნის სამხედროები მოსკოვს კურსკის სასაზღვრო რეგიონზე კონტროლის აღდგენაში დაეხმარნენ.

ადგილობრივი მედიის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში, ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სამხედრო კომისია კურსკის რაიონში მიმდინარე საომარ პროცესებში ქვეყნის ქვედანაყოფების მონაწილეობას „უკრაინის ხელისუფლების ავანტიურისტული სამხედრო შეჭრის მოსაგერიებელ განმათავისუფლებელ ოპერაცია“ უწოდა, რომელიც რუსეთის არმიასთან ერთად „გამარჯვებით დაასრულეს“. განცხადების თანახმად, ომში ჩართვის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დადებულ ურთიერთდაცვის ხელშეკრულებას შეესაბამებოდა.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავად კიმი სამხედრო ოპერაციაში ჩართვას „წმინდა მისიას“ უწოდებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირებს გააძლიერებს. ცნობისთვის, ოფიციალურმა ფხენიანმა უკრაინის ომში თავისი სამხედროების მონაწილეობაზე განცადება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ შაბათს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ჩრდილოეთ კორეის ჯარებს კურსკის რეგიონში ბრძოლებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ეს ასევე პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რუსულმა მხარემ უკრაინის ომში ფხენიანის სამხედროების მონაწილეობა დაადასტურა.

კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის არმიას სამხედრო მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა. განცხადების გამოქვეყნებამდე კი, რუსეთის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, კურსკის რეგიონის უკრაინული ძალებისგან განთავისუფლებაზე გაავრცელა ინფორმაცია.

უკრაინის სამხედრო ძალებმა კურსკის რეგიონთან დაკავშირებით რუსეთის განცხადება მალევე უარყვეს. Bloomberg News-თან უკრაინული მხარის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რეგიონში მათმა ძალებმა პოზიციები შეინარჩუნეს და „კურსკის მიმართულებით თავდასხმების შეკავებასაც განაგრძობენ“.