რეკორდული სიცხეებითა და გვალვით დატვირთული წლის შემდეგ, გაეროს ტრადიციული კლიმატის სამიტი ამჯერად 30 ნოემბერს, დუბაიში აიღებს სტარტს. ორი კვირის განმავლობაში COP28-ის მონაწილე ქვეყნები მრავალ საკვანძო საკითხს, მათ შორის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივ შეწყვეტასა და განვითარებად ქვეყნებში სუფთა ენერგორესურსებზე გადასვლისთვის დაფინანსებას განიხილავენ.
კლიმატური პროგრესის შეფასება
COP28-ის მთავარი ამოცანა იმ პროგრესის შეფასებაა, რომელიც ქვეყნებმა 2015 წლის პარიზის შეთანხმებით დაისახეს: გლობალური ტემპერატურის მატების 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნება. თუმცა ქვეყნები კლიმატურ მიზნებს ჩამორჩებიან, ამიტომ წლევანდელ სამიტზე უფრო მკაცრი გეგმების შემუშავება დასჭირდებათ, ეს მოიცავს როგორც CO2-ის ემისიების მინიმუმამდე შესამცირებლად დაუყოვნებლივი ზომების მიღებას, ასევე მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციების გაზრდას.
COP28-ის მოლაპარაკებების დაწყებისას, ქვეყნებს შორის კვლავ ორაზროვანი დამოკიდებულებაა საკითხზე: ვალდებულებები თითოეული ქვეყნის შემთხვევაში უნდა გაიზარდოს თუ ეს მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს ეხება, რადგან ისტორიულად სწორედ ისინი წარმოქმნიან გამონაბოლქვის უდიდეს წილს. მოსალოდნელია, რომ წლევანდელ სამიტზე ქვეყნები განაახლებენ ემისიების შემცირების ეროვნულ მიზნებსა და 2025 წლისთვის დასახულ გეგმებსაც.
წიაღისეული საწვავის მომავალი
COP28-ზე დაძაბულობა პიკს სავარაუდოდ წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების განხილვისას მიაღწევს. ერთ-ერთ უმთავრეს განსახილველ საკითხად რჩება, უნდა აიღონ თუ არა ქვეყნებმა ვალდებულება, ეტაპობრივად შეწყვიტონ CO2-ის გამომყოფი ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარება. მართალია, COP26-ზე ქვეყნები ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მათ არასდროს უთქვამთ უარი წიაღისეული საწვავის ყველა სახეობაზე, რაც რეალურად პლანეტის დათბობის გამომწვევი გამონაბოლქვის წარმოქმნის მთავარი წყაროა.
ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და კლიმატის ცვლილების მხრივ მოწყვლადი სხვა მრავალი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს COP28-ზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას, რომელიც ქვეყნებს წიაღისეული საწვავისგან ეტაპობრივ გათავისუფლებას დაავალდებულებს. თუმცა G20-ის ქვეყნებმა ივლისში გამართულ სამიტზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა რუსეთიც.
არაბთა გაერთიანებული ერების პრეზიდენტ სულთან ალ-ჯაბერის განცხადებით, წიაღისეული საწვავის მოხმარების ნულამდე შემცირება გარდაუვალია. ამ მხრივ, საინტერესოა, მოუწოდებს თუ არა არაბთა გაერთიანებული საამიროები COP28-ზე სხვა ნავთობით მდიდარ ქვეყნებსაც იდეის მხარდაჭერისკენ. კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა თავად ჯაბერიც, რომელიც ერთდროულად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის კომპანიის ADNOC-ის ხელმძღვანელი, მეორე მხრივ კი კლიმატის მოლაპარაკებების მომავალი პრეზიდენტია.
ტექნოლოგიები ემისიების დასაძლევად
არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე, სურთ მოლაპარაკებებისას ყურადღება თანამედროვე ტექნოლოგიებზე გამახვილდეს: მათ შორის CO2-ის დამჭერ და მიწის ქვეშ შემნახავ მიდგომებზე. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ემისიების შემცირების ტექნოლოგიებს კლიმატური მიზნების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირიცაა და ფართო მასშტაბითაც არ გამოიყენება.
სუფთა ენერგეტიკული სიმძლავრის გაძლიერება
ქვეყნები 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის სიმძლავრის გასამმაგებას და ენერგიის დაზოგვის გაორმაგებას განიხილავენ – შეთავაზება, რომელიც ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების COP28-ის პრეზიდენტობის დროს შემუშავდა. დიდი ალბათობით, შეთავაზებას დადებითაც შეხვდებიან G20-ის უმსხვილესი ეკონომიკები, მათ შორის ჩინეთი, თუმცა ევროკავშირი და კლიმატური ცვლილებების მხრივ დაუცველი სხვა ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ, რომ განახლებადი ენერგიის წარმოების გაძლიერება, წიაღისეული საწვავის მოხმარების ეტაპობრივ შემცირებასთან ერთად განხორციელდეს.
კლიმატის ცვლილების ხარჯების დაფინანსება
კლიმატის ცვლილებასა და მის შედეგებთან გამკლავებას დიდი ინვესტიციებიც სჭირდება – გაცილებით მეტი, ვიდრე ამ დრომდე მსოფლიოს გაუღია. გაეროს მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებს 2030 წლისთვის კლიმატის გაუარესებასთან ადაპტაციისთვის, სულ მცირე, $200 მილიარდი დასჭირდებათ, დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული ქვეყნების მხარდაჭერაც, ჩაანაცვლონ დაბინძურებული ენერგია სუფთა წყაროებით.
ცალკეა კლიმატური კატასტროფებით უკვე გამოწვეული ზარალი. COP28-ზე ქვეყნებს დაევალებათ „ზიანისა და ზარალის“ ფონდის შექმნა, რომელიც – ათწლეულის ბოლომდე უზრუნველყოფს სულ $100 მილიარდის კომპენსაციას, რომელსაც პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოები და ღარიბი ქვეყნები მსოფლიოს მდიდარი ნაწილისგან სწორედ იმ ზარალის ასანაზღაურებლად ითხოვენ, განვითარებული სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შედეგად რომ ადგებათ.
მაღალი ხარჯები კი მოლაპარაკებების პროცესს დაძაბულობას მატებს. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა კლიმატური ზარალის ფონდისთვის დაფინანსების გამოყოფის ვალდებულება აიღეს, თუმცა ისინი, მიზნის მისაღწევად, კერძო დაფინანსების აუცილებლობაზეც მიუთითებენ.
„გარე შეთანხმებები“
გაეროს ოფიციალური მოლაპარაკებების მიღმა, საკუთარ განცხადებებს გააკეთებენ მთავრობები და კომპანიებიც. არაბთა გაერთიანებული საამიროები კომპანიებისთვის ნებაყოფლობითი ვალდებულებების შეთავაზებას გეგმავს, რაც ემისიების შემცირებასა და კლიმატურ კრიზისთან წინააღმდეგ ბრძოლაში წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის ჩართვას ითვალისწინებს. სხვა ინიციატივებს შორისაა დაპირებები მეთანის ემისიებისა და კონდიციონერის გამონაბოლქვის შემცირებისა და ქვანახშირის ქარხნების კერძო დაფინანსებაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ.