სულ რაღაც ორ წელიწადში ქართული სტარტაპი Awork-ი დასაქმების მცირე პლატფორმიდან ჩამოყალიბებულ ციფრულ ეკოსისტემად იქცა, რომელიც აპლიკაციებს, ვებგვერდსა და აპლიკანტების სამართავ სისტემას აერთიანებს. დღეს მას 150,000-ზე მეტი სამსახურის მაძიებელი და 1,000-ზე მეტი ბიზნესი იყენებს. სწრაფი ზრდა ოპერაციული კუთხით ნებისმიერი ორგანიზაციისათვის გამოწვევაა, თუმცა Awork-ის საოპერაციო დირექტორს, გიორგი მუმლაძეს ასეთ სირთულეებთან გასამკლავებლად ცოდნაც აღმოაჩნდა და მონდომებაც.
“ყოველთვის ვიცოდი, რომ არ ვიყავი ის ადამიანი, რომელიც კარგად იგრძნობდა თავს სტანდარტულ სამუშაო გარემოში, სადაც მუშაობას კონკრეტულ დროს იწყებ და კონკრეტულ დროს ამთავრებ”, — ამბობს გიორგი მუმლაძე, Awork-ის საოპერაციო დირექტორი. სტარტაპში მოხვედრამდე მან საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერული გზა გაიარა: არაერთ კომპანიაში უმუშავია ციფრული მარკეტინგის მენეჯერად, მარკეტინგის დირექტორად, პროექტ-მენეჯერად, ბოლოს კი თავი სტარტაპ-ეკოსისტემაში ამოყო. Awork-ის იდეა სტარტაპის დაარსებისთანავე მოეწონა, თუმცა გუნდს ცოტა მოგვიანებით შეუერთდა. თავიდან მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობდა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიაზე მუშაობდა, შემდეგ კი საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. Awork-ის მისია, დასაქმების პროცესს სტრესი ჩამოაცილოს, მის შეხედულებებთან სრულად თანხვდენილია. ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის დასაქმების ბაზარი უკვე დიდი ხანია, ციფრულ განახლებას საჭიროებს და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც Awork-მა სწრაფად დაიმსახურა როგორც სამსახურის მაძიებლების, ისე რეკრუტერების ყურადღება.
Awork-მა ფუნქციონირება 2022 წლის ზაფხულში საიტის გაშვებით დაიწყო. შემქმნელებმა მალევე დაინახეს, რომ მომხმარებლის 60%-ზე მეტი პლატფორმას მობილურით უკავშირდებოდა. სწორედ ამან უბიძგათ, ძალისხმევა აპლიკაციისაკენ მიემართათ. ასე შეიქმნა დასაქმების პირველი აპი საქართველოში, რომლის მთავარი მომხიბვლელობაც დახვეწილი დიზაინი და გამოყენების სიმარტივეა. “გვინდოდა, მხოლოდ ის არ ყოფილიყო გამორჩეული ფაქტორი, რომ პირველი აპლიკაცია იყო ამ სფეროში, გამოცდილების გასაუმჯობესებლად შემოვიტანეთ Swiping (თითის გადასმა), რომელსაც ჩვენი ახალგაზრდა მომხმარებლები უკვე კარგად იცნობდნენ ტინდერიდან’”, — ამბობს გიორგი. ეს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ამავე დროს დასაქმების სფეროსთვის მოულოდნელი ფუნქცია აპლიკაციის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად იქცა. ევორქი ერთი წლის განმავლობაში იკავებდა App Store-ზე საქართველოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციების ხუთეულში ადგილს. დღეს აპლიკაციას 110,000-ზე მეტი გადმოწერა და მსგავს პროდუქტებთან შედარებით საგრძნობლად მაღალი “შენარჩუნების მაჩვენებელი” აქვს.
რატომ არის სვაიპინგი ასეთი სასიამოვნო? სვაიპი ანუ თითის გადასმა ადამიანებისთვის თანდაყოლილი ჟესტია — ამ მოძრაობას ჩვილებიც კი მიმართავენ, როცა მათთვის საინტერესო ობიექტს ხედავენ. კვლევის თანახმად, სვაიპის გამოყენებით კონტენტის ნავიგაცია მობილურის მომხმარებლებისათვის განსაკუთრებით კომფორტულია. ეკრანზე თითის გადასმა გვახსენებს ანალოგურ ალტერნატივებთან ურთიერთობის პროცესსაც, როგორიცაა ჟურნალის გადაფურცვლა, ან საკიდებს შორის ტანსაცმლის არჩევა მაღაზიაში. როცა სვაიპინგი თამაშის მექანიკის ნაწილად გამოიყენება, როგორც ამას ტინდერი (და ჩვენს სტატიაში განხილული Awork) აკეთებენ, თითოეული სვაიპი ცნობისმოყვარეობის ზრდას იწვევს. ამას ემატება ის, რომ ტვინი დოპამინით მყისიერად გვაჯილდოებს, როცა ჩვენი მზერა სვაიპის შედეგად რაღაც საინტერესოს აწყდება.
2022 წლის ბოლოს სტარტაპმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. “ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენი გუნდისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა. მოპოვებული თანხა დაგვეხმარა, რომ ბაზრისთვის უკეთესად გაგვეცნო თავი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იდეის ვალიდაცია. დავრწმუნდით, რომ ნამდვილად ღირებულ პროდუქტს ვქმნიდით”, — აღნიშნავს გიორგი.
გიორგისთან საუბარში ცხადი ხდება, რომ ის საერთო ხაზი, რაც მის მთელ კარიერულ ცხოვრებას თან გასდევს, არსებული სტატუს-კვოს ეჭვქვეშ დაყენებაა. თავად საკუთარ თავს იმ ადამიანს უწოდებს, რომელიც სიზარმაცისა თუ მოუსვენრობის გამო მუდმივად ყველაფრის გამარტივების გზას ეძებს: „დეველოპერები რომ ამბობენ ხოლმე, არ შეაკეთო, სანამ არ გაფუჭდებაო, მე ეგრე არ ვარ. მე ვფიქრობ, რომ თუ რაიმეს გაუმჯობესება და გამარტივება შეიძლება, ასეც უნდა მოხდეს”, — ამბობს გიორგი. Awork-მა ამ კუთხით საინტერესო გამოწვევა შესთავაზა. თუ ადრე თავის გუნდს მიღმა კომპანიის ტრანსფორმაციისათვის მოქმედების თავისუფლება არ ჰქონდა, ახლა უკვე შეეძლო, საკუთარი ხედვა სწრაფად მზარდი სტარტაპის თითოეულ პროცესზე გაევრცელებინა. “Awork-ის დამფუძნებელმა გიორგი რაზმაძემ ამ კუთხით სრული ნდობა გამომიცხადა. რესურსებიც მქონდა და ბერკეტებიც ცვლილებებისათვის. თუ რაიმე არ გამოვიდოდა, ჩემი ბრალი იქნებოდა და თუ კარგ შედეგამდე მივიდოდით, ცხადია, [პაუზა], გუნდის დამსახურება”, — ამბობს სიცილით გიორგი.

HR-ტექნოლოგიების განვითარების სფეროში Awork-ის მიერ შეტანილი წვლილი მხოლოდ კომფორტით არ შემოიფარგლება. სტარტაპმა მოახერხა და:
- მისწვდა 150 000-ზე მეტ სამსახურის მაძიებელს;
- მოიცვა ისეთი სფეროები, რომლებშიც განსაკუთრებით უჭირთ კომპანიებს კანდიდატების პოვნა: საცალო ვაჭრობა და ჰოსპიტალიტი;
- შეიძინა 1000-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია;
- 2024 წელს Awork-მა $200,000-იან ARR-ის ნიშნულს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 3-ჯერ მეტია;
- რეკრუტერების უკუკავშირისა და რეკომენდაციების შედეგად შექმნა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რეკრუტინგის სამართავი სისტემა Awork Flow.
გიორგი მუმლაძის სამსახურებრივი ფილოსოფია სტარტაპისთვის დამახასიათებელი მოქნილობისა და დიდი კომპანიებისთვის დამახასიათებელი სტრატეგიული აზროვნების ნაზავს წარმოადგენს. ის მხარს უჭერს იმ ბიუროკრატიული ბარიერების გაქრობას, რომელთა არსებობაც ლოგიკურად გაუმართლებელია და უბრალოდ დიდი ორგანიზაციის მავნე ტრადიციების ნაწილია. “სინამდვილეში ნებისმიერი ბიუროკრატია თავდაცვის მექანიზმია”, — მიზიარებს ის საკმაოდ ნიუანსურ დაკვირვებას, რომელიც შეიძლება ნებისმიერი სხვა ანტრეპრენიორისათვის, რომელსაც დიდ ორგანიზაციაში არასდროს უმუშავია, გაუგებარი იყოს.
გიორგის დამოკიდებულება გუნდის მართვასთან ამავე აზროვნების ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს — მისი თქმით, სტარტაპში არ არსებობს რაიმე, რისი გაკეთებაც „თანამდებობრივად” შეიძლება გეთაკილებოდეს. მინიჭებულ პოზიციებზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, ვის ეკუთვნის იდეა და ვის აქვს მკაფიო ხედვა მის განსახორციელებლად.
“Awork-ი ძალიან სასიამოვნო ადგილია სამუშაოდ, მაგრამ აუცილებელია, რომ სწრაფ ტემპს ფეხი აუწყო”, — ამბობს გიორგი. სანამ კომპანია სტაბილურობის გარკვეულ წერტილს არ მიაღწევს, მანამდე სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების ბალანსის არსებობის არ სწამს. “არ არსებობს Work-life ბალანსი. არსებობს Work, Work, Work, Work და Life ბალანსი”, — ამბობს ის.
სამსახურსა და ცხოვრებას შორის მკაფიო საზღვრების არარსებობა, გიორგის სიტყვებით, ყოველთვის ტოქსიკური მოვლენა არაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ სამუშაო თავის თავშივე მოიცავს მოქნილობისა და შემოქმედებითობის ელემენტებს. ის მიყვება, რომ შეუძლია, კვირა საღამოს დაესწროს შეხვედრას სავარჯიშო დარბაზიდან და ამ შემთხვევაში ეს მცირე საქმე სულაც არ დაარღვევს მისი დასვენების დღის გრაფიკს.
Awork-ის გუნდისათვის შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევა ცენტრალურ აზიაში ექსპანსიაა. პირველი ქვეყანა, სავარაუდოდ, უზბეკეთი იქნება — 35 მილიონზე მეტი მოსახლეობითა და 16-17-მილიონიანი სამუშაო ძალით. ცვლილება მხოლოდ გეოგრაფიული არ იქნება და, ცხადია, Awork-ი, როგორც კომპანია, სხვაგვარად დაიწყებს ცხოვრებას. მართალია, ყველა ცვლილებისთვის წინასწარ მომზადება შეუძლებელია, მაგრამ გიორგის სჯერა, რომ ახალი თამაშის წესების დაცვით ოპერირებას სხვების გამოცდილების გაცნობა გაუადვილებს. „ახლა სწორი მომენტია იმისთვის, რომ სანამ ჩვენც ვემზადებით გასასვლელად, მეც მოვემზადო ისეთი რაღაცების შესასწავლად, რაც სამომავლოდ ძალიან გამომადგება, მათ შორის, ვისწავლო კულტურულ განსხვავებებთან გამკლავების სტრატეგიები, ცვლილებების მენეჯმენტი და ასე შემდეგ”, — ამბობს ის.
Awork-ის გუნდი მიზნად ისახავს, კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე შეცვალოს დასაქმების გამოცდილება, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაშია გაზეთის ტიპის პლატფორმებთან დაკავშირებული. შემდეგი ნაბიჯები ჰიპერპერსონალიზებული ვაკანსიების შემოთავაზება, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Matching-ალგორითმის კიდევ უფრო დახვეწა და ისეთი ინსტრუმენტების შექმნაა, რომლებიც მომხმარებლების დროსა და პრეფერენციებს წინა პლანზე დააყენებს.
გიორგი მუმლაძე ახალი ტიპის ლიდერის არქეტიპს წარმოადგენს — პრაგმატულს, მაგრამ მოხერხებულს, სტრუქტურაზე ორიენტირებულს, მაგრამ ამავდროულად მოქნილს. კორპორაციულ აზროვნებასა და სტარტაპის ქაოსურ რიტმს შორის ხიდის გადებით ის დასაქმების სფეროების უკიდურესად დაშორებულ წერტილებს ერთმანეთთან აახლოებს. მას სჯერა, რომ სტარტაპებსაც შეუძლიათ დიდი და წარმატებული კომპანიებისგან ცოდნის შეძენა და — პირიქით. მისი მიზანი არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის განვითარება, არამედ იმის ჩვენებაცაა, თუ როგორ შეიძლება კორპორაციულმა სამყარომ და სტარტაპ-ეკოსისტემამ მნიშვნელოვანი მიგნებები გაცვალონ.
ახლა, როცა Awork-ი ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება, ერთი რამ ცხადია: გიორგი მუმლაძის სამყაროში ერთადერთი მუდმივა — ცვლილებაა, მოძრაობის ერთადერთი დასაშვები სიჩქარე კი — ძალიან სწრაფი.