დღეს სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას გააფორმებს

დღეს სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას გააფორმებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ვაშინგტონში სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ვაშინგტონში ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ,“ – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა.

სომხეთის საგარეო პოლიტიკის აღნიშნულ მიღწევას, დარგის ექსპერტები სომხეთის მიერ რუსეთთან კავშირების შემცირების დამსახურებად მიიჩნევენ. ანტირუსული და პროევროპული გავლენები სომხეთის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაძლიერდა.

შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება 2024 წლის 30 ნოემბერს, ქვეყნის მთავრობის მიერ ანტიდასავლური განცხადებების ფონზე შეაჩერა. აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი 2009 წელს მოეწერა.

აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვის, ინსტიტუციურ და ეკონომიკურ სფეროებში მნიშვნელოვანი დახმარების მიღებას ითვალისწინებს.