დიდი ბიზნესის დიდი დეტალები

დიდი ბიზნესის დიდი დეტალები

საქართველოს მძიმე მრეწველობასთან და მის ეკონომიკურ ეფექტთან დაკავშირებულ რეიტინგებსა და სტატისტიკაში RMG ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. 2017 წელს RMG-იმ $150 მილიონის ღირებულების ექსპორტი განახორციელა. RMG GOLD-ს 2017 წელს ექსპორტზე დორე შენადნობის სახით გატანილი აქვს 1 599 კგ ოქრო და 1 108 კგ ვერცხლი, ხოლო დროის იმავე მონაკვეთში RMG COPPER-ის საექსპორტო პროდუქციამ, სპილენძი-ოქროს კონცენტრატის სახით შეადგინა 60 069 ტონა, რომელშიც ოქროს მოცულობა შეადგენს 1 158 კგ-ს, ხოლო სპილენძის მოცულობა 9 196 ტონას.

ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2011-2018 წლებში კომპანიას 9 მილიონი ლარი აქვს გადახდილი, ხოლო მიმდინარე წლიდან მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის 1 700 000 ლარს დახარჯავს. RMG-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონი შუბითიძეს მიაჩნია, რომ პერსპექტივები გაცილებით დიდია, შედეგი კი, ძლიერ კომპანიასთან ერთად, ქვეყნის ძლიერი ეკონომიკაა.

როგორია სამთო მოპოვების ბიზნესის და მისი მართვის სპეციფიკა?

სამთო მრეწველობას საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენ ქვეყანაში ეს დარგი საკმაოდ ძველია და დღემდე მოჰყვება ბევრი ისტორიული პრობლემა. სხვათა შორის მსგავსი, რთული ეტაპები მსოფლიოს სამთო მოპოვებითმა მრეწველობამაც გაიარა. იყო დრო, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში მწვანეები აქტიურად გამოდიოდნენ ამ დარგის მიმართ პრეტენზიებით და ითხოვდნენ გადაიარაღებას გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით. საქართველოში ახლა იწყება ამ სფეროს სრული განახლება, მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტექნოლოგიების გაუმჯობესება აუცილებელია წიაღისეულის მოპოვების წარმატებული განვითარებისთვის, რათა ამ ბიზნესს მომავალში სერიოზული მასშტაბები ჰქონდეს. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს ძალიან სპეციფიკური, რთული და რისკის ქვეშ მყოფი სამრეწველო ობიექტებია, რომლებსაც ისტორიულად მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ასე რომ ნუ გაგვიკვირდება, თუ მრეწველობის ამ მიმართულებას ხშირად ხმაურიანი და რეზონანსული პროცესები ახლავს. ჩვენი მოვალეობაა, ეს საქმე ვაკეთოთ მაღალპროფესიულ დონეზე, გავთვალოთ რისკები, რომლებიც არსებობს ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოზე ზემოქმედების კუთხით. ხოლო წარმოებას თავისთავად ბევრი სპეციფიკური ნიუანსი აქვს და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

მთავარი სირთულე რაში მდგომარეობს?

დარგი საკმაოდ რთული და მრავალფეროვანია. პროცესში ჩართულია ათობით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი. მათ შორის არიან გეოლოგები, სამთოელები, ეკოლოგები, არქეოლოგები, მარკშეიდერები, მბურღავები, ქიმიკოსები და კიდევ ბევრი სხვა. წარმოგიდგინეთ 3000 თანამშრომელი, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ საქმეს, რაც ქმნის შემდეგ კომპანიის, ადამიანებისა და ქვეყნის ეკონომიკას. პროცესი საკმაოდ რთულია ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც და ამდენად ჩვენთვის პრიორიტეტია, გვყავდეს ყველა სფეროში მაღალპროფესიული კადრები. საქმე ამის გარეშე უბრალოდ არ გამოვა. საკამათო არაა, რომ ეს სფერო ბუნებასთან შეხებას ითვალისწინებს. ჩემთვის, როგორც სამთო მრეწველობის ერთ-ერთი დიდი კომპანიის ხელმძღვანელისთვის, მნიშვნელოვანია, რომ RMG-ს ზუსტად განსაზღვრული პრიორიტეტები აქვს – გარემოსდაცვითი პროგრამა და შრომის უსაფრთხოება. ჩვენ წლებია, ვმუშაობთ და ზუსტად ვიცით, რა ტიპის პრობლემების წინაშე ვდგავართ, ეს საკითხები უახლოეს ხანში უნდა გადავჭრათ. საერთაშორისო და კონკრეტულად კი ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შევისწავლეთ გარემოს და ეკოლოგიის ყველა საკითხი, შევიმუშავეთ გარემოსდაცვითი პროგრამა და სამოქმედო გეგმა. თანაც ამას სახელმწიფო რეგულაციები და უშუალოდ გარემოსდაცვითი სტრუქტურებიც ინტენსიურად მოითხოვენ და გონივრული ვადებიც განგვისაზღვრეს. ამ საკითხში მიდგომა ერთია – აუცილებლად უნდა გავატაროთ წყლის, ნიადაგისა და ჰაერის მიმართულებით ყველა ღონისძიება, რომელიც დავგეგმეთ. ჩვენივე ინტერესებშია 2020 წლის ბოლომდე გეგმა მთლიანად განხორციელდეს.

თქვით, რომ სწორად უნდა მოხდეს რისკების მართვა, რათა შესაძლო უარყოფითი შედეგი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. კომპანია RMG რას აკეთებს ამისთვის?

ჩვენი მიზანი არის ბიზნესის სწორი განვითარება. შესაბამისად, დეველოპმენტის პროცესი კარგად გვაქვს გააზრებული და დაგეგმილი. ვითვალისწინებთ, რომ წარმოება გარემოსა და ბუნებასთან ჰარმონიულ თანაარსებობაში უნდა იყოს და შესაბამისი ეკონომიკური ეფექტი ქვეყანამ, ადამიანებმა და კომპანიამ ერთობლივად უნდა მიიღონ. იმისათვის, რომ მიხვდეთ, რას ვგულისხმობ, თეთრიწყაროს რაიონში ახალი პროექტის დაგეგმვის კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა მთელი საწარმოო პროცესის ადგილზე ანუ ბნელი ხევის ტერიტორიაზე მოწყობას. 2017 წლის ზაფხულში ჩვენ პროექტი გავაცანით დაინტერესებულ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ იმთავითვე ყველაფერი რისკების შემცირების ხარჯზე იგეგმებოდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა გაკეთდეს, კომპანიაში წარმოების პროცესის ხელმძღვანელებთან ერთად გადაწყდა, რომ ასათვისებელი 27 ჰექტარი მიწის ფართობის დაზოგვის მიზნით, ადგილზე აღარ განვახორციელებთ სამრეწველო დამუშავებას და მოპოვებული მადნის გადამუშავება მოხდება უკვე არსებულ სამრეწველო მოედნებზე, რითაც მადნის გადაზიდვის მანძილი 20 კმ-ით გაგვეზარდა. ამით კომპანია მიდის ფინანსურ დანაკარგზე, თუმცა შევამცირებთ ბუნებაზე ზემოქმედების არეალს. კომპანიის მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ეს არის სწორი მიდგომა, რეალური რისკების გათვალისწინება და მათი შემცირების გზის მოძებნა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სახის ზემოქმედებას, მაგალითად, ტყის ჭრას, სოლიდური კომპენსაციის გადახდასთან ერთად, ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოჰყვება სხვა ფართობებზე ტყის გაშენება. ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

მთავარი გამოწვევა რა არის დღეს RMG-სთვის?

სამთო მრეწველობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხერხემალია. ეს არის საქართველოს ხვალინდელი დღე. ჩვენ ისევე, როგორც ნებისმიერი ბიზნესჯგუფი ვცდილობთ, მოვიძიოთ განვითარების მეტი გზა, რომ წარმოების სიმძლავრეები გაიზარდოს. დღევანდელ გამოწვევებს შორის ჩვენთვის უმთავრესია, დავასაბუთოთ და ვაჩვენოთ, რომ გარემოს დაცვის კუთხით ჩვენი კომპანია უახლოეს ხანში დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომ ადამიანის, ბუნებისა და წარმოების თანაარსებობა შესაძლებელია რისკისა და საფრთხის გარეშე. ეს არის მთავარი! რეგიონში ეს დიდწილად იციან და ჩვენი მიზანია, მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ჩვენი საქმიანობის რეალური მხარეები, ჩვენი მონდომება და საქმე, რომელსაც საქართველოს სასიკეთოდ ვაკეთებთ.

რიცხვებში გამოსახულ შედეგებზე ვისაუბროთ, რა დოვლათს ქმნის და რა თანხას იხდის კომპანია ბიუჯეტში?

სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ RMG ბევრ განვითარებულ თანამედროვე წარმოებაზე წინ არის ბევრი ნიშნით. 2011 წლიდან ბევრს ვაკეთებთ არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერსების, არამედ ქვეყნის ეკონომიკის, რეგიონის განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. მარტო გეოლოგიური სამუშაოებისთვის აქციონერებმა 5 წლის განმავლობაში 70 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს. შედეგად, სამი ახალი საბადო აღმოვაჩინეთ და შესაბამისად ბიზნესის წარმოების პერსპექტივები გაიზარდა. ეს კი ნიშნავს, რომ 3000-ზე მეტი ადამიანი კიდევ ბევრი წელი იქნება დასაქმებული, რეგიონში იქნება მძლავრი წარმოება, რაც იქვე ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის და ათობით სოციალური პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

საერთო შენატანი ბიუჯეტში 2011 წლიდან 2017 წლის ბოლომდე ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. მარტო ლიცენზიების შესყიდვისთვის 204 მილიონი ლარია გადახდილი. ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 74 მილიონი ლარი, ქონების გადასახადი შეადგენს 4 მილიონს, მოგების გადასახადი 47 მილიონს, საშემოსავლო გადასახადი 62 მილიონს, რეგულირების გადასახადი 49 მილიონი ლარია. ასეთი კომპანიები საქართველოში მეტი უნდა იყოს. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის განვითარება ჯანსაღი ურთიერთობების შედეგია. ჩვენ მზად ვართ, ყველა პროექტი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით განვახორციელოთ, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგობრივ ჯგუფთან და ყველას ვთხოვთ, პროცესებში კონსტრუქციულად და საქმიანად ჩაერთონ, იმისთვის, რომ გამოწვევებს ღირსეულად შევეჭიდოთ. აქ საუბარი არ ეხება მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელობის ინტერესებს, ჩვენ უკან ათასობით დასაქმებული და მათი ოჯახები დგას. დგას მთელი რეგიონი, რომლისთვისაც ეს ისტორიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ისტორიული წარსულისგან განსხვავებით, ახლა ეს ბიზნესი ნამდვილად დიდი ნაბიჯებით ვითარდება. არც კი შეედრება დღევანდელი და თუნდაც 10 წლის წინ კაზრეთში არსებული მდგომარეობა. განვითარების სულ სხვა და უფრო მაღალ საფეხურზე ვართ.

არსებული რეალობის გათვალისწინებით რა პერსპექტივა აქვს კომპანიას, მომავალი წლების პოლიტიკა როგორ გესახებათ?

სირთულეები არის, თუმცა პერსპექტივა დიდია. ჩვენს სახელმწიფოში საზოგადოებაც ხვდება, რომ თუ კომპანია კანონმდებლობის დაცვით მუშაობს და გარემოსდაცვითი, შრომის უსაფრთხოების და ყველა სხვა რისკის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს, მაშინ ასეთ კომპანიას აქვს დიდი პერსპექტივა და ქვეყნისთვის გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია. ჩვენ 2011 წლის შემდეგ ვმუშაობთ და ვეხმარებით მთელ რეგიონს, სხვადასხვა მიმართულებით ვახორციელებთ პროგრამებს, ვუფრთხილდებით ადამიანებს და გარემოს. ეს ნამდვილად პრიორიტეტია და ამ მიმართულებით 30 მილიონი გვაქვს გამოყოფილი, რომ გონივრულ ვადებში განვახორციელოთ გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განგვისაზღვრა.

როგორ ფიქრობთ, დღეს RMG თანამედროვე ტიპის კომპანიაა?

RMG-ის ახალი პროექტები არის თანამედროვე და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სამთო მოპოვებით ტენდენციებს. ამის პარალელურად, არის ისტორიული კარიერები თავისი კუდსაცავებით და სწორედ იქ არის პრობლემები გარემოსდაცვითი კუთხით. ძველი კომბინატის ისტორია 1975 წლიდან იწყება. ეს წარმოება დღემდე მუშაობს და უნდა ითქვას, რომ ის მოძველებულია. მაგრამ მომავალი წლისთვის საერთაშორისო სტანდარტებით მისი სრული მოდერნიზაცია მოხდება. ეს მართლაც ურთულესი პროცესია. დიაპაზონი დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისტორიული პრობლემები მალე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, რასაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მოიტანს.

ბიზნესში წარმატება რით განისაზღვრება?

მე სპეციალობით გეოლოგი ვარ და პირადად ჩემთვის მთავარია თანამშრომლებმა, მეგობრებმა, ოჯახმა, ქვეყანამ ლაღად იგრძნოს თავი. ეს არის ჩვენი ჯგუფის მოვალეობა და მინდა სიამაყით ვთქვა, რომ RMG არის პროფესიონალების დიდი გუნდი. ეს ურთულესი შრომაა, რომელსაც ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით და ურთიერთთანადგომით ანუ გუნდურობით ვეკიდებით. უდიდეს ადამიანურ შრომას და რესურსს მოითხოვს საწარმოო პროცესი, არავის ეგონოს, რომ წიაღიდან ოქროს პირდაპირი ამოღება ხდება. თითოეული გრამი ოქროს, ვერცხლის თუ სპილენძის უკან ასობით ადამიანის მძიმე შრომა დგას.

კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაზე რას გვეტყვით?

კომპანიას საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია და დღეს უკვე წელში გამართული ვართ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ყველა დანაპირებს ვასრულებთ. მარტო ერთი წლის განმავლობაში თანამშრომელთა დაზღვევაზე დახარჯული თანხა მილიონ ლარზე მეტია, ამას ემატება საწარმოს თანამშრომლების უფასო კვება, შრომის უსაფრთხოება და სოციალური ფონდი. დღემდე დაახლოებით 9 მილიონი დაიხარჯა რეგიონში გაკეთებულ სოციალურ პროექტებზე, მათ შორის ბაღებისა და სკოლების, სტადიონებისა და დასასვენებელი პარკების რეაბილიტაცია-აღდგენასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამის გარდა უნდა აღვნიშნო, რომ ვართ საფეხბურთო კლუბ „სიონის” ძირითადი მხარდამჭერი და პარტნიორი. გვაქვს პროფესიული გადამზადების ცენტრი, სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა, ვართ სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობის სპონსორები. ასევე მარტო 6 თვის განმავლობაში 16000 ძირი ხე დავრგეთ. საამაყოა, რომ ყველა ეს პროგრამა ახლაც გრძელდება. ჩვენ ორიენტირებულები ვართ სიკეთისა და საქმის კეთებაზე.

რამდენი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში და ვინ ზრუნავს მათ კვალიფიკაციაზე?

3000-ზე მეტია დასაქმებულთა რიცხვი, დაახლოებით 90% ადგილობრივია. დანარჩენი სპეციალისტები არიან სხვადასხვა რეგიონიდან და 1%-იც არ იქნება უცხოეთიდან ჩამოყვანილი კადრები, რომლებთან თანამშრომლობაც აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას. ჩვენს სასწავლო ცენტრში მოწვეული უცხოელი ექსპერტები ადგილობრივებთან გადიან ტრენინგებს, რაც შემდგომ უფრო დიდ პერსპექტივებს იძლევა.

რას გვეტყვით სამომავლო გეგმების შესახებ?

კომპანიის მთავარი გზავნილი არის – ძლიერი ბიზნესი ძლიერი საქართველოსთვის და ჩვენ რეალურად ამ გზაზე ვდგავართ! ვიწყებთ ახალ პროექტებს და ამის პარალელურად დაწყებული გვაქვს ძველი წარმოების გადაიარაღება, რასაც ჩვენს ფინელ კოლეგებთან ერთად ვახორციელებთ. დაახლოებით წელიწად-ნახევარია, ისინი ამ პროცესში არიან ჩართულები და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. უკვე დავიწყეთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ეს პროცესი უწყვეტ და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. გეგმა ბევრი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ სტაბილური კომპანიის არსებობა ზოგადად ხელს უწყობს სტაბილურ ეკონომიკას.