გენეტიკური ტესტირების კომპანია „23andMe-ის თანადამფუძნებელი ენ ვოჩისკი კომპანიის SPAC-გარიგების (ან სპეციალური დანიშნულებით შეძენილი კომპანია) შედეგად მილიარდერი გახდა. მისი კომპანია 23andME გარიგების შედეგად შეერწყა ბრიტანელი მილიარდერის, სერ რიჩარდ ბრენსონის კომპანია VG Acquisition Corp.-ს. ახალ კომპანიაში ვოჩისკი 99.4 მილიონ აქციას ფლობს, კომპანიის აქციები Nasdaq-ზე $13.4 დოლარად ივაჭრება (17 ივნისი, 23:00 საათი). შესაბამისად, მისი წილის ღირებულება დაახლოებით $1.3 მილიარდია. გარდა ამისა, ვოჩისკის საქველმოქმედო ფონდი „Anne Wojcicki Foundation“ ასევე ფლობს კომპანიაში 2.5 მილიონ აქციას.
23andMe 2006 წელს დარეგისტრირდა სილიკონის ველზე, მისი თანადამფუძნებელი ვოჩისკის ქონების ღირებულება გასულ წელს Forbes-მა $500 მილიონად შეაფასა და ის გამოცემის თვითშემდგარი ქალების სიაშიც მოხვდა. ცნობისთვის, ის პირველი ქალია, რომელიც SPAC-გარიგების შედეგად გახდა მილიარდერი. ის რიგით მეორე თვითშემდგარი მილიარდერი ამერიკელი ქალია. პირველი ქალის სტატუსი მიმდინარე წელს, Bumble-ის აქციების პირველადი საჯარო განთავსების (IPO) შედეგად, უიტნი ვოლფ ჰერდმა მოიპოვა, ამასთან უიტნი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალია მსოფლიოში.
ვოჩისკის კომპანია 23andME დნმ-ის ტესტებს ყიდდა და მომხმარებლებს უგზავნიდა, შემდეგ კი ფოსტით უკან იღებდა გენეტიკურ ნიმუშებს და შესაბამის ტესტირებას ატარებდა, რათა წინაპრებთან და ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეწოდებინა დამკვეთისთვის. ბოლო წლებში კომპანიის შემოსავლები მცირდებოდა, 2020 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემების თანახმად, $117 მილიონის შემოსავლის გენერირების პარალელურად, მათ $155 მილიონით იზარალეს.
„23andME პროგნოზირებს მნიშვნელოვან ხარჯებსა და საოპერაციო ზარალს უახლოესი პერიოდისთვის. კომპანია გააგრძელებს და გააფართოებს თერაპიული მიმართულებით R&D საქმიანობას“ – ვკითხულობთ კომპანიის SEC-ანგარიშგებაში, რაც მიუთითებს, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია მოგების მიღებას არ ელის.
კომპანიის გრძელვადიანი წარმატება მეტწილად სწორედ გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიიდან ფარმაციულ საქმიანობაში ტრანზიციაზეა დამოკიდებული. 23andMe უკვე თანამშრომლობს ფარმაცევტულ გიგანტებთან – GSK-სა და Almirall-თან – ისინი ერთობლივად განავითარებენ წამლებს იმ გენეტიკური მასალიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც 23andMe-იმ წლების განმავლობაში დააგროვა.