ქართული კომპანია Entrée ქვეყნის საზღვრებს გარეთ განვითარებას განაგრძობს და ლონდონში რიგით მესამე ფილიალს ხსნის.
კომპანიის კომუნიკაციის ხელმძღვანელი ლიკა მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ ახალი ფილიალი ბუკინგემის სასახლესთან ყველაზე ახლოს მდებარე ფილიალი იქნება. Entrée-მ ახალი ობიექტის გასახსნელად 350,000 ფუნტის ინვესტიცია განახორციელა და 8 სამუშაო ადგილი შექმნა.
„ლონდონში Entrée-ს დღეისთვის მოქმედი ფილიალების მიმართ როგორც იქ მცხოვრები ქართველები, ასევე უცხოელები დიდ ინტერესს გამოხატავენ. სტუმრები სწორედ Entrée-ს საშუალებით გაეცნენ ქართულ უნიკალურ კერძებს, რომელიც ჩვენ მათ სპეციალურად შემუშავებული ფორმატით წარვუდგინეთ. ბრიტანელი მომხმარებლის მხრიდან მომდინარე დიდი ინტერესის შედეგად კომპანია, გეგმის მიხედვით, ლონდონში მესამე ფილიალს მომდევნო კვირაში გახსნის. ეს ფილიალი ბუკინგემის სასახლიდან 7 წუთში მდებარეობს.
ახალი ფილიალის შემთხვევაშიც, სტუმრებს ქართული ტრადიციულ კერძებთან ერთად ფრანგულ პურ-ფუნთუშეულს შევთავაზებთ. ქართული და დასავლური კულტურის ეს უნიკალური ნაზავი ბრიტანელი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მიმზიდველი გამოდგა“ – ამბობს ლიკა მიქაუტაძე.
კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ლონდონში დასაქმებულთა გადამზადების კურსებს Entrée საქართველოს გამოცდილი თანამშრომლები ატარებენ.
ცნობისთვის, Entrée-ს ქსელი ლონდონში 3 ფილიალს, აზერბაიჯანში 6 ობიექტს, საქართველოში კი 14 ფილიალს მართავს.