მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის შემქმნელმა კომპანიამ, Epic Games-მა მეტავერსის შესაქმნელად Sony-სა და KIRKBI-სგან $2 მილიარდი მოიზიდა. Epic-ის თქმით, ეს თანხა კომპანიის მეტავერსული ხედვის განვითარებასა და ზრდას მოხმარდება, რადგან “სამივე კომპანია ძალიან აფასებს კრეატორებსა და მოთამაშეებს და ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს შორის ახალი სოციალური გასართობი კავშირის შექმნას ისახავს მიზნად“. ამ გარიგების შედეგად Epic-ი $31.5 მილიარდად შეფასდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Sony-ს Epic-ში ინვესტიცია აქამდეც ჰქონდა განხორციელებული, მაგრამ KIRKBI-სთვის, რომელსაც LEGO Group-ის დამფუძნებლის, კირკ კრისტიანსენის ოჯახი მართავს – ეს Epic-თან დადებული პირველი მსგავსი გარიგებაა. საინტერესოა ისიც, რომ ინვესტიციის გასაჯაროებამდე რამდენიმე დღით ადრე, Epic Games-მა და LEGO-მ მეტავერსულ თანამშრომლობაზე ერთი განცხადება უკვე გააკეთეს – ისინი მეტავერსში ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთო ციფრული სივრცის შექმნაზე შეთანხმდნენ.
„ეს ინვესტიცია მეტავერსის შექმნის პროცესს დააჩქარებს და შესაძლებლობას მოგვცემს, ისეთი სივრცეები შევქმნათ, სადაც მოთამაშეები მეგობრებთან ერთად გაერთობიან, ბრენდები სრულყოფილ და კრეატიულ გამოცდილებას შექმნიან, ხოლო კრეატორები კომუნას შემოიკრებენ და აყვავდებიან“, – განაცხადა Epic-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ სვინიმ.