ერაყმა TotalEnergies-თან ნავთობის, გაზისა და განახლებადი ენერგიის შეთანხმება გააფორმა

ერაყმა TotalEnergies-თან ნავთობის, გაზისა და განახლებადი ენერგიის შეთანხმება გააფორმა

ერაყმა და ფრანგულმა ენერგოკომპანია TotalEnergies-მა დღეს $27-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმეს. ახლო-აღმოსავლურ ქვეყანასა და ენერგოკომპანიას შორის მიღწეული შეთანხმება ერაყში ნავთობის წარმოების გაზრდასა და ნავთობით, ბუნებრივი აირითა და განახლებადი ენერგიის წყაროებით ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს.

მხარეებს შორის შეთანხმება 2021 წლიდან მზადდება. თუმცა ერაყის მთავრობისა თუ ცალკეული პოლიტიკოსების გამო მისი იმპლემენტაცია ამ დრომდე გაიწელა. საბოლოოდ, შეთანხმებას ხელი იმ გარემოებამ შეუწყო, რომ ერაყის მთავრობა 4 მასშტაბურ პროექტში უფრო მცირე, 30%-იან წილს დაკმაყოფილდა.

ერაყში განსახორციელებელი 4 მასშტაბური ენერგოპროექტის აქციონერები ერაყის მთავრობა (30%), TotalEnergies-ი (45%) და QatarEnergy (25%) არიან.

ერაყის ნავთობის მინისტრ ჰაიან აბდელ-ღანისთან ერთად ბაღდადში შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას TotalEnergies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა „ისტორიული დღე“ უწოდა.

TotalEnergies-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროექტების წარმოება ამავე ზაფხულიდან დაიწყება და შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათში $10 მილიარდამდე მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება.

4 პროექტიდან ერთ-ერთი „ბუნებრივი აირის ზრდის ინტეგრირებული პროექტია“ (GGIP), რომლის მიზანიც, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებაა. ამისთვის კი სამი ნავთობსაბადოდან ბუნებრივი აირის მარაგების გააქტიურებით ელექტროსადგურებისათვის ენერგიის წყაროდ ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება. ეს კი ერაყს ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებაში დაეხმარება.

გარდა აღნიშნულისა, TotalEnergies-ის განცხადებით, ქვეყანაში 1 გიგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობაც იგეგმება.